logo
ENG



"ოცნება" "შინ ევროპისკენ" კლიპის გაშვების გამო კრიტიკული მედიების სანქცირებას ითხოვს

09 აგვ 202214:57
3 წუთის საკითხავი
clock 2022

ქართული ოცნება სამ ტელევიზიას, ფორმულას, მთავარ არხს და ტვ პირველს, შინ ევროპისკენ კლიპის გაშვებისთვის კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. 

საქმე 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ვიდეოს განთავსებას ეხება. 

ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ 2022 წლის 23-25 ივნისს ფორმულას, ტვ პირველისა და მთავარი არხის ეთერში გავრცელდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო.

"ვიდეორგოლების შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ემსახურება მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისთვის ხელის შეშლას.

სარეკლამო რგოლი ცხადად ახდენს მპგ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" იდენტიფიცირებას კონკრეტული პარტიის სახეებზე მითითებით. ამასთან, სარეკლამო რგოლი შეიცავს მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას, მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე, ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას". - წერია განცხადებაში. 

მთავარი არხის იურისტის, თამთა მურადაშვილის განმარტებით, საჩივრის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

"არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არის. ქართული ოცნება თავის საჩივარში აღწერს, რომ ეს კლიპი წინასაარჩევნოდ მათთვის ხელის შემშლელია, მაგრამ არჩევნები 2024 წელსაა და ეს წარმოუდგენელი აბსურდია. როგორ შეიძლება ეს კლიპი წინასაარჩევნო კლიპად აღვიქვათ, როდესაც ის ეხება ჩვენი ქვეყნის, ქართველ ხალხის მომავალს, რომლებიც ვითხოვდით ჩვენს ევროპულ მომავალს."- ამბობს თამთა მურადაშვილი. 

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მიზანი არის ნებისმიერ გამოხატვის შეზღუდვა, რომელიც არის კრიტიკული ხელისუფლების მიმართ.

"რატომ გააკეთეს ახლა აგვისტოში? იმიტომ, რომ ხალხმრავალი მიტინგების პერიოდში მყისიერად დაჯარიმებას შეიძლება გამოეწვია ხალხში უკურეაქცია. აქციების პერიოდში უფრო სენსიტიური მდგომარეობა იყო, მაშინვე ამას ვერ იზამდნენ. ამიტომ აგვისტო შეარჩიეს."- თქვა მიშა მშვილდაძემ. 


close დახურვა