შინდისის გმირების მონუმენტი 14 წლის თავზე ისევ დაუსრულებელია. ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთი დაპირება გასცა და ამჯერად სექტემბერი დაასახელა. 11 აგვისტო სამაგალითო გმირობის თარიღია. სწორედ ამ დღეს სოფელ შინდისში ქართველმა ჯარისკაცებმა ბოლომდე იბრძოლეს და ალყაში მოქცეული ოცეული მტრის 200-კაციან ბატალიონს 2 საათის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა. ქართველი სამხედროები ოკუპანტს არ ჩაბარდნენ, უმრავლესობა დაიღუპა, გადარჩა მხოლოდ 5, რომლებიც რუსებს დაღუპულები ეგონათ და ადგილობრივებმა დაჭრილები თავიანთი სიცოცხლის ფასად მომდევნო დღეებში გამოიყვანეს.