logo
ENG



სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები 1 წევრის ჩასანაცვლებლად დაინიშნა, საია ასაჩივრებს

15 აგვ 202216:59
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასაჩივრებს ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 1-ლ ოქტომბერს სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით სამ საარჩევნო უბანზე გაიმართება. 

ცესკოს განცხადებით, შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება - ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა. 

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ, რამდენიმეთვიანი კამათის შემდეგ, 2022 წლის 23 თებერვალს 17 ხმით გიორგი გახარიას თანაგუნდელი ირაკლი ქარჩავა აირჩიეს. კენჭისყრაში ქართული ოცნების წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. 

საია-ს იურისტი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ როცა საკრებულო არჩევიდან 6 თვის განმავლობაში ვერ იკრიბება და შესაბამისად, ვერ ფუნქციონირებს, არჩევნები მთელ ოლქში უნდა ჩატარდეს, ხოლო მხოლოდ ერთი წევრის ასარჩევად არჩევნების ჩატარება არსებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. 

"კანონი ადგენს, რომ საკრებულოს უფლებამოსილება აქვს შეწყვეტილი. ასეთ დროს უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები არა ერთი დეპუტატის ადგილის შესავსებად, არამედ უნდა ჩატარდეს მთლიანად საკრებულოს არჩევნები, რაც არ მოხდა. ცესკოს არგუმენტაცია ძალიან დაუსაბუთებელია. ამბობს იმას, რომ თითქოს მთავრობის წერილობითი დოკუმენტია საჭირო იმისთვის, რომ საკრებულოს საქმიანობა შეწყვეტილია, თითქოს ეს მთავრობის დისკრეციაა, მაშინ, როცა კანონი ცალსახად ადგენს, რომ 6 თვეზე მეტხანს თუ არ იკრიბება საკრებულო, ეს საქმიანობის შეწყვეტის საფუძველია. მთავრობის დადგენილება მხოლოდ ამის დადასტურებაა. ფაქტობრივი გარემოებები არ შეიცვლება მთავრობის დადგენილებით. ეს ფაქტობრივი გარემოებები ცესკომ საერთოდ არ გამოიკვლია". - ამბობს ნონა ქურდოვანიძე. 


close დახურვა