logo
ENG


ლაშა ნაკაიძეს ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების და მუქარის მუხლებით ბრალი წარედგინა

17 აგვ 202219:20
3 წუთის საკითხავი
clock 4950
ლაშა ნაკაიძეს ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების და მუქარის მუხლებით ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით წარუდგინა. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე.

ამის შემდეგ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

ლაშა ნაკაძე სამართალდამცველებმა16 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და  11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ლაშა ნაკაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. 

ლაშა ნაკაძე მთავარი არხის დილის გადაცემის წამყვანი იყო. მისი დაკავების შემდეგ ტელეარხმა განაცხადა, რომ გმობს ძალადობას, ხოლო ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს. მათივე ცნობით, პოლიციას ამავე ტელეკომპანიის თანაშრომელმა მიმართა. 

თავად ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის თქმით, მან საზოგადოებას შემოითვალა, რომ "ლაშა ნაკაიძე მოძალადე არ არის" და რომ "შოკშია, ვინაიდან ვერ ხვდება, რა ხდება".  


close დახურვა