თბილისის N146 საჯარო სკოლის განცხადებით, სკოლა და მიმდებარე ტერიტორია დეტალურად შემოწმდა და ხვალიდან სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში იქნება.
"მშობლების, მასწავლებლების და მოსწავლეების საყურადღებოდ
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა შესაბამისი უწყების მიერ და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში.
21 აპრილის საღამოს რუსულენოვან ახლადშექმნილ ტელეგრამ არხზე გავრცელდა მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომ ხვალ თბილისის კონკრეტულ სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ტერაქტებს გეგმავდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ სკოლებთან დაკავშირებით გავრცელებულ მუქარებზე შესაბამისი სამსახურები "პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს" ატარებენ.
სუს-ის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ სკოლაში იარაღი ან ბომბი იპოვეს.
სამართალდამცველებმა რამდენიმე სკოლა უკვე შეამოწმეს, რომლებშიც ვერაფერი იპოვეს. შესაბამისი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.