logo
ENG



გოგაშვილი ბოლო წერილზე, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს, განმარტებას აკეთებს

18 აგვ 202215:45
3 წუთის საკითხავი
clock 950

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ბოლო წერილთან დაკავშირებით, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს, განმარტებას აკეთებს.

გოგაშვილის თქმით, წერილში მან "დააფიქსირა ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო მისი საკურატურო და ვერც ბრძანებას ვერ გასცემდა, რასაც აბრალებენ".

წერილში ის კვლავ საუბრობს ჩანაწერზე, რომელიც, მისივე თქმით, მალე გამოქვეყნდება.

გოგაშვილი წერს:

"სამართლიანობა მოითხოვს გავაკეთო მცირე განმარტება ჩემს ბოლო ღია წერილთან დაკავშირებით, რათა გამოვრიცხო შემდგომი ინტერპრეტაციების დაშვება.

ჩატაევის დაჯგუფების სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს და შესაბამისად დამატებით განმარტებებს საჭიროდ აღარ ვთვლი.

წერილში მე გადმოვეცი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დავაფიქსირე ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო ჩემი საკურატურო და ვერც ბრძანებას ვერ გავცემდი, რასაც მაბრალებდნენ. არც ადრე და მითუმეტეს არც ამ წერილში მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, გამოძიებას სჭირდებოდა ეჭვმიტანილების ჩვენებები, მტკიცებულებები და არა რომელიმეს ლიკვიდაცია.

ვერანაირ მდგომარეობაში ყოფნა, ვერც ვერავის მოწოდება ვერ მაიძულებს ვისაუბრო ტყუილი და ცილი დავწამო ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ეს არ არის ჩემი სტილი. მე ვლაპარაკობ მხოლოდ სიმართლეს, რომელიც გამყარებულია ფაქტებით და არაფერს სიმართლის გარდა.

რაც შეეხება ჩანაწერს, იქ ისმის სამი ადამიანის ხმა - მედიკოსი, ვახასი და ბინძური აგენტის. აგენტი ახორციელებს ბინძურ, მიზანმიმართულ მუშაობას ჩემს წინააღმდეგ. ჩანაწერი თავის დროზე გამოქვეყნდება და ყველა კითხვას მოხსნის.

ახლა ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი და ვინმეს დასახელება მე გადამიყვანს სხვა ველზე და მთავარ სამიზნეს ჩამომაშორებს. ჩემი მთავარი მიზანი არის ოცნების კრიმინალური მართვისა და არჩევნების ტოტალური გაყალბების მეთოდების მხილება და ასევე, მათი რუსეთთან პირდაპირი კავშირის სააშკარაოზე გამოტანა, რასაც დიდი ხანია ვახორციელებ ეტაპობრივად და მივიყვან ბოლომდე".

გუშინ, 17 აგვისტოს გოგაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. წერილში ის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც საუბრობს.

გოგაშვილის თქმით, გომელაური საიდუმლოდ შეხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, მედიკო მარგოშვილს და "განიზრახა თავის დაძვრენა, უარესიც, გამწარებულ ოჯახთან გაგზავნა ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდიდა ფულს და დაავალა გოგაშვილის წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა გოგაშვილის მიერ იყო ჩადენილი".

ამასთან დაკავშირებით მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ შვილის ლიკვიდაციის შემდეგ მასთან ხშირად დადიოდნენ გომელაურთან, გოგაშვილთან და სუს-თან კავშირში მყოფი პირები.


close დახურვა