logo
ENG



დეკანოიძე: ISFED-ის ჩამოცილება ადასტურებს, ოცნება აგრძელებს რეკომენდაციების უგულებელყოფას

19 აგვ 202212:23
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ოცნების მიერ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ის დაბლოკვის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ "ოცნების მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების უგულებელყოფა გრძელდება".

"სამწუხაროდ, ქართული ოცნების მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების უგულებელყოფა გრძელდება, ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია, სამართლიანი არჩევნები", - ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, ოცნების ანტიდასავლური და ანტიამერიკული გზავნილები, თავდასხმა სამოქალაქო ორგანიზაციებზე იმის დასტურია, რომ "მათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება".

"ქართული ოცნების ანტიდასავლური კამპანია, ანტიევროპული და ანტიამერიკული გზავნილები, მიზანმიმართული თავდასხმები შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებზე, გავლენიან სამოქალაქო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე არის იმის დასტური, რომ მათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება. პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური, სამოქალაქო ორგანიზაციების და განსაკუთრებით, იმ ორგანიზაციების ჩართულობით, რომლებიც მუშაობდნენ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო რეფორმაზე, მაგრამ სამწუხაროდ ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ვალდებულებების შესრულებას", - ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები გააგრძელებენ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას, რომელიც სექტემბერში უნდა იყოს მიღებული.

"მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ ჩვენი პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, არასამთავრობო სექტორთან ერთად აგრძელეს, ფართო დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ იმ პაკეტზე მუშაობას, რომელიც დაუყოვნებლივ, მათ შორის სექტემბერშივე უნდა იყოს მიღებული, ცვლილებებს ვგულისხმობ, იმისთვის, რომ საქართველოში სასამართლო სისტემისა და მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმები იყოს განხორციელებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება საარჩევნო რეფორმის მიმართ ნდობის დაბრუნება“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გუშინ, 18 აგვისტოს მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.

ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა. 


close დახურვა