პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები არ გაემიჯნა მთავრობის გადადგომის და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მმართველმა ეს ორგანიზაცია საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ მიიწვია.
ტექნიკური მთავრობის შექმნა სამოქალაქო საზოგადოებამ 2022 წლის 24 ივნისს მოითხოვა, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა.
დღეს, 21 აგვისტოს შალვა პაპუაშვილმა თქვა:
"მათ ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, იმიტომ, რომ ხალხმა ამ რადიკალურ მოთხოვნას ზურგი აქცია, თუმცა, მათ ეს ულტიმატუმი არ მოუხსნიათ.
როცა ISFED-მა გამოხატა ინტერესი პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, ჩვენ გვქონდა ამაზე კომუნიკაცია სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან. ჩვენი კითხვა იყო ISFED-ის მიმართ, ისინი კვლავ იზიარებენ ამ მოთხოვნას თუ არა.
ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუ არ აყენებენ ამ მოთხოვნას, შეეძლოთ, მონაწილეობა მიეღოთ სამუშაო ჯგუფში.
ISFED-ისგან ამ საკითხზე ვერანაირი პოზიცია ვერ მოვისმინეთ. ისინი უარს ამბობენ, გაემიჯნონ ამ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, ისინი სამუშაო ჯგუფში მოწვეულნი არ იყვნენ". - თქვა პაპუაშვილმა.
სამართლიანი არჩევნების არდაშვების შემდეგ სამუშაო ჯგუფი პროტესტის ნიშნად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დატოვეს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არაჯანსაღი სოლიდარობაა.
***
18 აგვისტოს, მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.
ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა.
სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზაციის დაბლოკვა საარჩევნო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისგან, სამოქალაქო ორგანიზაციის უფლებების შეზღუდვა და დევნაა.
საკითხს ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ყველა შესაბამის NGO-ს საშუალება უნდა მიეცეს, ჩაერთოს პროცესში". საქართველოში აშშ-ის საელჩოს შეფასებით კი, ISFED-ის არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციას.