logo
ENG



კიევი დარია დუგინას აფეთქებასთან კავშირს უარყოფს

21 აგვ 202212:58
3 წუთის საკითხავი
 

კიევი დარია დუგინას აფეთქებასთან კავშირს უარყოფს. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, ჟურნალისტ დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე განაცხადა: 

„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა არაფერ შუაშია ამ საქმესთან. ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო - ასეთი რუსეთის ფედერაციაა".

პოდოლიაკის აზრით, მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებებზე მეტყველებს. 

კიევს დარია დუგინას აფეთქებაში ბრალი ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტმა ლიდერმა, დენის პუშილინმა დასდო.

მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში ააფეთქეს. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო. 

დარია დუგინა დაიღუპა. 

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს ალექსანდრ დუგინი, რომელიც აფეთქების შემდეგ ცეცხლწაკიდებულ მანქანას უყურებს. 

მომხდარზე რუსეთის მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

დარია დუგინა ჟურნალისტი იყო, რომელიც ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში. 

ის აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაშიც მოხვდა ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

2022 წლის მაისში მან რუსეთის ომი უკრაინაში "ცივილიზაციათა ჯახად" შეაფასა და გამოხატა სიამაყე, რომ როგორც ის, ისე მამამისი დასავლეთის მხრიდან სანქცირებულები არიან.  

თავად ალექსანდრ დუგინი დასავლეთმა სანქციების სიაში 2015 წელს შეიყვანა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში სავარაუდო მონაწილეობისთვის. 


close დახურვა