24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა, ამასთან, 6 თვე სრულდება რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან.
ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიგეგმა.
ბათუმში აქციისთვის მზადება 2 კვირის წინ დაიწყო. უკრაინის მოქალაქეებმა და აქტივისტებმა მერიას ტექნიკური მხარდაჭერისთვის მიმართეს. მათი განცხადებით, მერია მათ თავდაპირველად დათანხმდა, თუმცა, მოგვიანებით ულტიმატუმი წამოაყენა - არ ეხსენებინათ აქციაზე ომი, რუსეთი და ოკუპაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში - აპარატურას არ მისცემდნენ.
"სცენა და აპარატურა მხოლოდ საზეიმო ღონისძიებისთვის". - ასეთი აღმოჩნდა მერიის პირობა.
"მითხრეს, ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი, რომ თქვენ ახსენოთ ომი, ახსენოთ ოკუპაცია, ახსენოთ რუსეთი, რადგან არ გაღიზიანდნენ სტუმრები, რომლებიც არიან ჩვენს ქალაქშიო". - თქვა აქტივისტმა ნიკა ქაშიბაძემ ფორმულას ეთერში.
აქტივისტები მერიას არ დაეთანხმნენ და ხვალინდელ აქციაზე არც მათ აპარატურას გამოიყენებენ.