logo
ENG



2018-22 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 8 464 ადამიანს მიენიჭა, მათგან 72% რუსი იყო - IDFI

02 სექ 202212:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/02/o7g00lvpxlam1xw.jpg

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2018-22 წლებში საქართველოს მოქალაქეობა (მოქალაქეობის აღდგენის გარდა) 8 464 ადამიანს მიენიჭა, მათგან 72% - 6 075 ადამიანი რუსეთის მოქალაქე იყო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 13 575 ადამიანს მიანიჭა, მათგან 5 111-ს აღუდგა მოქალაქეობა, უდიდეს წილს 8 382 ადამიანს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა, 38 -ს ჩვეულებრივი, 29-ს გამარტივებული, ხოლო 15 ადამიანს კი სპეციალური წესით.

IDFI-ის ცნობით, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა 428 უკრაინელს. 404 სომხეთის და 330 ამერიკის მოქალაქეს მიენიჭათ.

საგამონაკლისო წესით მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან  გამომდინარეობს.

„სახელმწიფო ინტერესების შეფასებაში მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოებები. მათ შორის:  საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპარი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირი, სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი.  ასევე, ისეთი პირები რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას რომლითაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ასევე სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში წარმატებული პირი, რომელსაც სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.“ - აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

რაც შეეხება 2022 წელს, პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა, მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.

IDFI-ის ცნობით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაცემის მაჩვენებელი მარტის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, თუ 2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა 74-მა რუსმა მიიღო, მარტში კი 43-მა, ივნისში ეს რიცხვი 162-მდე გაიზარდა, ივლისში - 136-მდე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის 551 მოქალაქეს, ხოლო უკრაინის მხოლოდ 8 მოქალაქეს მიენიჭა.

„საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა უმეტესწილად ენიჭებათ რუსეთის მოქალაქეებს. რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი სიტუაციის (მოსალოდნელი გრძელვადიანი სანქციები, განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების დევნა და სხვა) გათვალისწინებით“ - აცხადებს ორგანიზაცია.

IDFI-მ ეს მონაცემები პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წარადგინა. IDFI აცხადებს, რომ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ორგანიზაციის მოთხოვნა მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული  სტატისტიკური მონაცემების მიღებაზე უპასუხოდ დატოვა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის ზრდაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შეფასება, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში მათთვის მინიჭებული საქართველო მოქალაქეობის ფაქტობრივი მაჩვენებლებით შეუძლებელია და სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა კომპლექსურ მონაცემებზე წვდომა, რაც მოქალაქეობის მიღების პირობების დაკმაყოფილებას ეხება.

 

close დახურვა