
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის აზრით, პრეზიდენტს "არასწორი და მცდარი" განცდები აქვს, თუ ფიქრობს, რომ მას უსმენენ.
სარჯველაძის მტკიცებით, "აბსურდია" ამ საკითხის მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირება.
"შეიძლება, ვინმეს ვინმე თავისი თანამშრომელი უსმენს, მე რა ვიცი, რა გავაკეთო? მაგალითად ქუჩაში იყიდება ჩვეულებრივ პატარა ჩამწერი მოწყობილობა. თუ აქვს [სალომე ზურაბიშვილს] ეს განცდა, ეს მცდარი განცდაა. მე არ მიჭირს ტელეფონით საუბარი, მაგალითად არ მიჭირს, რომ ოთახში დავჯდე და ვინმეს ვესაუბრო თუნდაც ისეთ თემებზე, რომლებიც არ მინდა, რომ სხვამ გაიგოს, არ მაქვს ეს განცდა"- ამბობს სარჯველაძე.
გუშინ, 1-ელ სექტემებერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა.
მან მოსმენების შესახებ კანონზე საუბრისას თქვა, რომ ფარული მიყურადება არ არის ევროპული ცხოვრება და ადამიანის უფლებების დაცვა.
"ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი სადმე რომ შევდივართ და რამის საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვო თუ გავიტანო და მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ. ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა, ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ"- თქვა ზურაბიშვილმა.
***
სალომე ზურაბიშვილმა თავისი პირველი ვეტო 22 ივნისს გამოიყენა და ის მოსმენების შესახებ კანონს დაადო.
საქმე ეხება ქართული ოცნების დეპუტატების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება. ქართული ოცნების კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო.