logo
ENG



biletebi.ge: აიკრძალა იმ რუსი არტისტების კონცერტები, ვინც უკრაინას ღიად უჭერენ მხარს

02 სექ 202217:19
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია biletebi.ge აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ რუს შემსრულებლებს საქართველოში კონცერტების გამართვაზე კერძო დარბაზების მფლობელებმა უარი მოულოდნელად უთხრეს. კომპანია ვარაუდობს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

კომპანია აცხადებს, რომ ამ კონცერტებზე უკვე ათასობით ბილეთია გაყიდული, უარის ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია, თუმცა მათი აზრით, ნამდვილი მიზეზი პოლიტიკურია.

biletebi.ge კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობდეს შემოსავალზე და სავარაუდოდ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა: აკრძალეს არტისტები ანდრეი მაკარევიჩი, და მაქსიმ გალკინი, ვინც უკრაინას ღიად უჭერენ მხარს.

კომპანია ვარაუდობს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საკონცერტო ინდუსტრიას და სარისკო გარემოში კონცერტის გამართვას სხვა არტისტებიც აღარ დაგეგმავენ.  

biletebi.ge აცხადებს, რომ საჭიროა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რათა ინდუსტრია „ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე” არ იყოს დამოკიდებული და ინდუსტრიას დიდი ზარალი არ ადგებოდეს.

კომპანიის განცხადებას სრული სახით გთავაზობთ:

ამ დღეებში გახდა ცნობილი რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე.

თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გაღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ?

სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოჰყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას. დღესდღეობით არტისტების 70%, ვისი ჩამოყვანაც შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი (არა სახ. დაფინანსებით, რაც საბოლოოდ კორუფციის სახეს იძენს) არის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. ბევრს ეს არ მოსწონს - გასაგებია. დროთა განმავლობაში გავალთ დასავლურ არტისტებზეც, თუმცა ამისთვის საჭიროა არ გავაკოტროთ და მივცეთ განვითარების საშუალება იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს.

მოკლედ, გვჭირდება ზუსტი თამაშის წესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე, თან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მაქსიმალური ზარალის მიყენებით. გვჯერა, რომ სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს და არ გვმტრობდეს.

 

close დახურვა