logo
ENG



შრი-ლანკიდან გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნდა

03 სექ 202200:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/85lwfu0gtn4wqlu.jpg

შრი-ლანკის ყოფილი პრეზიდენტი, გოტობაია რაჯაპაკსი, რომელიც მასობრივი პროტესტების გამო გაიქცა, ქვეყანაში დაბრუნდა. რაჯაპაკსა ტაილანდში დროებითი ვიზით იმყოფებოდა და შრი-ლანკაში სინგაპურიდან გაემგზავრა.

BBC-ის ინფორმაციით, შრი-ლანკის ზოგიერთი მინისტრი მას აეროპორტში დახვდა.

მოსახლეობა ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაში გოტობაია რაჯაპაკსს ადანაშაულებს. აპრილში საპროტესტო აქციები საწვავსა და საკვებზე გაზრდილი ფასების გამო დაიწყო. ასი ათასობით ადამიანი პრეზიდენტ რაჯაპაკსისა და მისი ძმის მაჰინდას გადადგომას მოითხოვდა, რომელსაც მაშინ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა.

ივლისში ათასობით მომიტინგე პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა, რის შემდეგაც რაჯაპაკსი ქვეყნიდან გაიქცა ჯერ მალდივებზე, შემდეგ კი სინგაპურში, საიდანაც გადადგომის შესახებ განაცხადა.

"ჩვენ არ ვართ რაჯაპაკსის დაბრუნების წინააღმდეგნი. შრი-ლანკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში დაბრუნება. მოქალაქეები მის მთავრობაში კორუფციას აპროტესტებდა. პირადი მტრობა არ გვაქვს", - განუცხადა BBC-ს პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯივანთა პეირისმა.

აქტივისტების ნაწილი კი ამბობს, რომ არ დაუშვებენ ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნებას და მის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეც უნდა აღიძრას.

ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტისთვის კოლომბოს ცენტრში სახლი გამოყო, თუმცა უცნობია გოტობაია რაჯაპაკსი პირდაპირ იქ წავა თუ ჯერ დაცულ სამხედრო ობიექტზე. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ როგორც ყოფილ პრეზიდენტს მას დაცვას გამოუყოფენ.

შრი-ლანკას ამჟამად ახალი პრეზიდენტი რანილ ვიკრამასინგჰე ჰყავს. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ახალი მთავრობა პროტესტის ჩახშობას ცდილობს. სტუდენტური გაერთიანების სამი ლიდერი, რომლებიც პროტესტის სათავეში იყვნენ, დააკავეს კანონის მიხედვით, რომელიც ტერორიზმის თავიდან აცილებას გულისხმობს. ბოლო რამდენიმე კვირაში ასევე დააკავეს ათეულობით ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი გირაოთი გამოუშვეს.

მომიტინგეები ვიკრამასინგჰეს ლეგიტიმაციისა და ხალხის მხარდაჭერის არქონაში ადანაშაულებენ, ასევე, აცხადებენ, რომ ის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს იცავს.


close დახურვა