შრი-ლანკის პარლამენტმა ქვეყნის ყოფილი პრემიერი რანილ ვიკრამასინგჰე პრეზიდენტად აირჩია.
ვიკრამასინგჰე შრი-ლანკის პრემიერი 6-ჯერ იყო. მან პროტესტის დაწყების შემდეგ, 9 ივლისს განაცხადა, რომ მზადაა პრემიერის თანამდებობა დატოვოს.
რანილ ვიკრამასინგჰე ყოფილი პრეზიდენტის გოტაბაია რაჯაპაკსას მოკავშირედ მიიჩნევა. აქტივისტები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო რაჯაპაკსას გადადგომას ითხოვდნენ, მან პროტესტის ფონზე ქვეყანა დატოვა, 14 ივლისს კი ოფიციალურად გადადგა.
ახალი პრეზიდენტის პოზიციაზე ვიკრამასინგჰეს კანდიდატურას მხარი 223 დეპუტატიდან 134-მა დაუჭირა.
პარლამენტისადმი მიმართვისას ვიკრამასინგჰემ განაცხადა, რომ ქვეყანა პარტიული ნიშნითაა დაყოფილი და „ახლა ერთად მუშაობის დრო დადგა“.
ივლისის დასაწყისში პროტესტის დაწყებიდან მალევე, აქტივისტებმა პრემიერი ვიკრამასინგჰეს საცხოვრებელ კერძო სახლს ცეცხლი წაუკიდეს და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. ამის შემდეგ პრეზიდენტი რაჯაპაკსა ქვეყნიდან გაიქცა, ვიკრამასინგჰემ კი განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობიდან გადადგომისთვის მზად იყო, რათა ერთიანი ხელისუფლებისთვის დაეთმო გზა.
ყოფილი პრემიერის პრეზიდენტად დანიშვნა სიტუაციის გამწვავების საფრთხეს ქმნის, ვინაიდან აქტივისტების დიდი ნაწილი ვიკრამასინგჰეს რაჯაპაკსას რეჟიმისგან განუყოფლად მიიჩნევს.
პარლამენტში კენჭისყრისას აქტივისტების მცირე ჯგუფი პრეზიდენტის ოფისის შენობასთან შეიკრიბა და ვიკრამასინგჰეს კანდიდატურა გააპროტესტა.
„რანილ, წადი სახლში“ - სკანდირებდნენ აქტივისტები შედეგების გამოცხადების შემდეგ.
აქტივისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნები ხელისუფლების სრულად გადადგომის შემთხვევაში დაკმაყოფილდება, ისინი ამბობენ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს გააგრძელებენ.
„არ მიკვირს, თუმცა მაინც იმედგაცრუებული ვარ იმაზე თუ რამდენად გახრწნილი და უსამართლოა სისტემა. ჩვენ უკან არ დავიხევთ, არ დავჯერდებით არაფერ სხვას. ვიბრძოლებთ იმისთვის, რასაც ვიმსახურებთ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა Reuters-თან ინტერვიუში.
ორშაბათს ვიკრამასინგჰემ CNN-თან ინტერვიუში რაჯაპაკსას რეჟიმისგან გამიჯვნა სცადა. მისი თქმით, შრი-ლანკის ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა ფინანსური კრიზისის შესახებ ფაქტები დაემალა.
ვიკრამასინგჰეს თქმით, რაჯაპაკსას ხელისუფლებას არ უღიარებია, „რომ ქვეყანა გაკოტრდა და სჭირდებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) მიემართა“.
„მე მინდა ვუთხრა ხალხს, ვიცი ისინი როგორ იტანჯებიან. ჩვენ არ გვჭირდება 5 ან 10 წელი. მომდევნო წლის ბოლოს დავიწყოთ დასტაბილურება და 2024 წლისთვის ნამდვილად გვექნება ფუნქციური ეკონომიკა, რომელიც ზრდას დაიწყებს“ - განაცხადა ვიკრამასინგჰემ CNN-თან ინტერვიუში.
პრეზიდენტის არჩევისას ვიკრამასინგჰეს კონკურენტი ყოფილი ჟურნალისტი დულას ალაჰაპერუმა იყო. მან 82 ხმა მიიღო.
***
მოქალაქეების უახლესი პროტესტი შრი-ლანკაში ივლისში დაიწყო. ისინი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკური კრიზისს აპროტესტებენ. შრი-ლანკაში ახლა მაღალი ინფლაციაა და საკვებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე დეფიციტია. აქტივისტები არსებულ მდგომარეობაში რაჯაპაკსას ოჯახსა და მათ ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ივნისის ბოლოს შრი-ლანკის ხელისუფლებამ შეწყვიტა ბენზინისა და დიზელის არააუცილებელ ტრანსპორტისთვის მიყიდვა, რათა შეენარჩუნებინა საწვავის რეზერვები.
ხელისუფლება ცდილობდა საწვავი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან მიღებული კრედიტით შეენარჩუნებინა. შრი-ლანკამ სასწრაფო ფინანსური დახმარება მოითხოვა, კრიზისის მიზეზად კი Covid-19-ის პანდემია დაასახელა, ვინაიდან ვირუსმა ქვეყნის ტურისტული ვაჭრობის გზები გაანადგურა.
თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ კრიზისი ეკონომიკის არასწორი დაგეგმარების ბრალია. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები მარტიდან დაიწყო.
გამწვავებული ეკონომიკური კრიზისის გამო პროტესტის ფონზე ყოფილი პრეზიდენტის უფროს ძმას, მაჰინდა რაჯაპაკსას პრემიერ მინისტრის პოზიციის დატოვება მაისში მოუწია.
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 9 ივლისს დემონსტრანტები მის სასახლეში შეიჭრნენ, პრემიერი ვიკრამასინგჰეს რეზიდენციას კი ცეცხლი წაუკიდეს.
პრეზიდენტი რაჯაპაკსა ქვეყნიდან გაიქცა, ამ დროისთვის შრი-ლანკის პრემიერმა რანილ ვიკრამასინგჰემ კი განაცხადა, რომ მზად იყო, გადამდგარიყო.
რაჯაპაკსა 13 ივლისს ჯერ მალდივებზე გაიქცა, შემდეგ კი სინგაპურში ჩავიდა. მას თან ცოლი და დაცვის ორი თანამშრომელი ახლა. მანამდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მიიჩნევენ, რომ რაჯაპაკსის გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება თავიდანვე ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ჰქონდა დაგეგმილი, რათა შეცვლილ ადმინისტრაციას მისი დაპატიმრება არ ეცადა.
გოტაბაია რაჯაპაკსას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილი პარლამენტს 14 ივლისს გეგზავნა.
შრი-ლანკა ინდოეთის ოკეანეში არსებული სახელმწიფოა, რომელმაც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1948 წელს მოიპოვა. ქვეყნის მოსახლეობა ჯამში 22 მილიონს შეადგენს და ძირითადად 3 ეთნიკური ჯგუფს მოიცავს - სინჰალელები, ტამილები და მუსლიმები.
2005-2015 წლებში შრი-ლანკის პრეზიდენტი მაჰინდა რაჯაპაკსა იყო. მან სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც 2009 წელს რამდენიმეწლიანი სისხლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ დაამარცხა ტამილი სეპარატისტი აჯანყებულები. მისი ძმა, გოტაბაია, ვინც ამ დროს თავდაცვის მდივანი იყო შრი-ლანკის პრეზიდენტი 2022 წლის 14 ივლისამდე იყო.