logo
ENG



განათლების სამინისტრო: ე.წ. რუსული სკოლა, School Club Georgia, არ არის ავტორიზებული

03 სექ 202218:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/ox1hbzx1f2iu9ki.jpg
ფოტო: გაზეთი ბათუმელები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რუსული კერძო სკოლის "School Club Georgia" გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არ არის ავტორიზებული.

" ე.წ რუსული სკოლა, "School Club Georgia", საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არ არის ავტორიზებული და, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. 

როგორც მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.  ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება."- წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას.

გაზეთი ბათუმელები აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქში რუსული კერძო სკოლა გაიხსნა, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან. 

გამოცემის ინფორმაციით, სკოლა მელიქიშვილის ქუჩაზე, №57ა-ში მდებარეობს. მისი დირექტორი ნატალია გეორგიევაა. სკოლა რუსულენოვან მოსწავლეებს პირველიდან მეშვიდე კლასამდე სწავლებას სთავაზობს. 

ბათუმელებს სკოლაში უთხრეს, რომ სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. მათივე თქმით, თითოეულ კლასში 7, 8 ბავშვია, ხოლო სწავლა ბათუმში თვეში 750 ლარი ღირს, თბილისში – 800 ლარი. 


close დახურვა