logo
ENG



ერდოღანმა პუტინს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხში შუამავლობა შესთავაზა

03 სექ 202219:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/09quxuutovfxxf7.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თურქეთს შეუძლია იყოს შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხში.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შაბათს დილით შედგა.

"პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთს შეუძლია შუამავლის როლი შეასრულოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, როგორც ეს იყო მარცვლეულის შეთანხმების შემთხვევაში." - ციტირებს AFP თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციას.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისში არ აცხადებენ, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს მოლაპარაკებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებაზე. თუმცა, ის განმარტავს, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ კომუნიკაციის გაგრძელებაზე უზბეკეთში, სადაც 15-16 სექტემბერს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი გაიმართება.

აგვისტოში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დროს ერდოღანმა თქვა, რომ ის ძალიან შეშფოთებულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხით.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ. ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთი ჩერნობილი." - თქვა მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა.

ზაპოროჟიეს ატამური ელექტროსადგური რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული და პერიოდულად ექვემდებარება დაბომბვას, რაშიც კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ეწვივნენ ატომურ ელექტროსადგურს და გამოთქვეს შეშფოთება სადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ექსპერტთა ჯგუფი უკრაინაში 29 აგვისტოს გაემგზავრა. მისიას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ავრცელებს.

რუს სამხედროებს ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა.

პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა.

ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ.

თუმცა, როგორც რაფაელ გროსი ამბობს, შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი.

"ასევე აქ იყო ბევრი ბირთვული მასალა, რომელსაც IAEA-ს მიერ შემოწმება სჭირდება". - აცხადებს გროსი.


close დახურვა