საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას" მონაწილე ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
საოკუპაციო ხაზთან კონფერენციის სხვა მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დეივიდ კრამერი და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები.
ისინი ოძისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს შეხვდნენ და ოძისში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. უცხოელი პოლიტიკოსები დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი საქართველოში და რა პოლიტიკას უპირისპირებს საქართველო ოკუპანტ ქვეყანას.
საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" თბილისში 5-6 სექტემბერს გაიმართება. კონფერენციას დაესწრება ევროპარლამენტარების ის ჯგუფი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.
საუბრის თემები უკრაინაში მიმდინარე ომი, საქართველოს უსაფრთხოების საკითხი და ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი იქნება.
კონფერენციამდე ევროპარლამენტარები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდნენ და სხვადასხვა თემაზე: მათ შორის დეოლიგარქიზაციასა და პოლიტპატიმრების შესახებ ისაუბრეს.