logo
ENG



კობახიძე: უსამშობლო არახამიასგან განსხვავებით, ივანიშვილმა კარგად იცის სამშობლოს ფასი

06 სექ 202215:16
3 წუთის საკითხავი
clock 721
კობახიძე: უსამშობლო არახამიასგან განსხვავებით, ივანიშვილმა კარგად იცის სამშობლოს ფასი

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აყენებს შეურაცხყოფას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელს, დავით არახამიას და მას, ისევე, როგორც ზელენსკის ადმინისტრაციის სხვა წევრებს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში მორიგ ჯერზე ადანაშაულებს. 

ის სიას გამოეხმაურა, რომელთა სანქცირებასაც უკრაინა ითხოვს და ამ მიმართულებით მუშაობას იწყებს. 

კერძოდ, უკრაინის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რომელიც 15 ადამიანისგან შედგება, 12 ქართველია. მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. 

საქართველოში ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. 

კობახიძის აზრით, უკრაინის მიერ ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ხოშტარია უკრაინასთან კოორდინირებულად მუშაობს, რათა საქართველოში "მეორე ფრონტი" გაიხსნას. 

"ხედავთ, რომ არახამია, ერთი მხრივ, დანილოვის და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, ომში ჩავერთოთ, “მეორე ფრონტი” გავხსნათ, მეორე მხრივ კი ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით. ჯობს, გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს - დაშანტაჟების მიზანი რომ არის “მეორე ფრონტი”, ეს თქვას პირდაპირ, კაცურად.

ქართველ ხალხს უნდა უთხრან ეს, რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და მეორე ხელით რატომ ითხოვენ “მეორე ფრონტის” გახსნას, ამაზე ქართველ ხალხს ესაუბრონ, ღირსეულები თუ არიან. მაგრამ მათ ღირსება არ აქვთ. არახამიას ღირსება ვიცით, რაც არის". 

როდესაც არის კითხვა, არის თუ არა საფრთხე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში, რათა გვთხოვოს ომის დაწყება, ამას გამოვრიცხავ. ამ კაცს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის წინააღმდეგ და არც ამ შემთხვევაში გადადგამს. ამაში ყველა აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. განსხვავებით არახამიასგან, რომელიც უსამშობლო კაცია, ივანიშვილმა კარგად იცის სამშობლოს ფასი, ამიტომ ვერანაირი შანტაჟი და მუქარა მას ვერ აიძულებს, რომ ნაბიჯი გადადგას “მეორე ფრონტის” მიმართულებით, რაც არის მათი გაცხადებული მიზანი. ამაზე ღიად საუბრობდნენ დანილოვი და პოდოლიაკი, ახლა შანტაჟით ცდილობენ აქეთკენ წაიყვანონ საქმე, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან.

რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, როდესაც ადამიანის დაშანტაჟება გინდა, ფორმალური სანქცია არ არის ეფექტიანი საშუალება. ადამიანს თუ დასჯი, იმას ვეღარ დააშანტაჟებ, ამიტომ არაფორმალური სანქციაა ამ კუთხით უფრო ეფექტიანი, რაც შვეიცარიაში ხდება. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან იქნება ერთგვარი სასოწარკვეთილი ნაბიჯი სანქციებზე წასვლა, ლოგიკურად, ეს ასე არ უნდა მოხდეს". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 


close დახურვა