იურიდიული კომპანია BLB-ის დამფუძნებელი, კახა შარაბიძე ვინც Netflix-ის წინააღმდეგ საქმეში ნონა გაფრინდაშვილის ერთ-ერთი ადვოკატია, აცხადებს, რომ მხარეთა შორის დავა შეთანხმებით დასრულდა, რომლის დეტალებიც კონფიდენციალურია.
შარაბიძის თქმით, მხარეთა შორის მორიგების ინიციატივა აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გამოთქვა, დანიშნა მედიატორი და საბოლოო პროცესი შეთანხმებით დასრულდა.
ადვოკატის თქმით, შეთანხმების დეტალები, მის ყველა გარემოება, ყველა ნიუანსი მკაცრად კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროების უფლება არც ადვოკატებს და არც თავად ნონა გაფრინდაშვილს აქვს. შარაბიძე აცხადებს, რომ ამ ინდუსტრიაში დავის მორიგების მსგავსი მოდელით დასრულება ხშირი და მიღებული პრაქტიკაა.
„მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მორიგების ინიციატივა წამოვიდა აშშ-ის სააპელაციო სასამართლოდან. სასამართლომ დანიშნა, შემოგვთავაზა ავტორიტეტული მედიატორი და სწორედ მისი მეშვეობით განხორციელდა მედიაციის პროცესი, რაც დასრულდა Netflix-თან შეთანხმების მიღწევით და გაფორმებით...
რაც შეეხება შეთანხმების შინაარსს, ეს არის მიღებული პრაქტიკა ამ ინდუსტრიაში და სამწუხაროდ, მე არ შემიძლია და ჩვენ შებოჭილები ვართ პროფესიული პასუხისმგებლობით და ვალდებულებით, ისევე როგორც ქალბატონი ნონა და შეთანხმების პირობები არის კონფიდენციალური და ყველაფერი რაც მას უკავშირდება, ეს არ შეიძლება გასაჯაროებული იყოს“ - განაცხადა ადვოკატმა.
შარაბიძე აცხადებს, რომ ნონა გაფრინდაშვილმა, დაპირებისამებრ ბოლომდე იბრძოლა და საქმეში წარმატებას მიაღწია.
ადვოკატის თქმით, ამ შედეგის წინაპირობა იყო კალიფორნიის სასამართლოში გაფრინდაშვილის გამარჯვება, როცა სასამართლომ დაცვის მხარის არცერთი არგუმენტი არ გაიზიარა და დაადგინა, რომ მხატვრული ნაწარმოები არ წარმოადგენს დეფამაციისგან თავისუფალ ზონას და არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან. ადვოკატის თქმით, ამ საქმემ კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა: მხატვრული ნაწარმოების ფარგლებში გაკეთებული დეფამაციური განცხადების პასუხისმგებლობისგან პირი არ თავისუფლდება.
„მინდა მივულოცო ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, მის გულშემატკივარს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყანაში, ეს შედეგი რითაც დასრულდა ქალბატონი ნონას დავა მედიამაგნატ Netflix-თან და მინდა გითხრათ, რომ ეს დავა დასრულდა ძალიან ეფექტურად და ძალიან მოკლე პერიოდში“ - განაცხადა გაფრინდაშვილის ადვოკატმა.
გუშინ გამოცემა Variety-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ მოჭადრაკესა და Netflix-ს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა. შეთანხმების დეტალები არ გასაჯაროებულა.
***
მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკულ კომპანია Netflix-ს სექტემბერში უჩივლა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ ლაზიერის გამბიტის (The Queen’s Gambit) ფინალურ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება.
სერიალში ვისმენთ:
"ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ფილმის მთავარი გმირის] შემთხვევაში მისი სქესია. თუმცა, ის რუსეთშიერთადერთი არ არის. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოჭადრაკეებს".
ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიხედვით, "ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა გაეზარდა დრამა და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია".
სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია ლაზიერის გამბიტის ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები, სულ მცირე, 59 კაც მოჭადრაკესთან, მათ შორის 10 დიდოსტატთან.
იურიდიული ფირმა BLB-ის ცნობით, ნონა გაფრინდაშვილის საქმეში ამერიკელმა მოსამართლემ, ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
"მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით", - აღნიშნავენ ფირმაში, რომელიც სასამართლოში გაფრინდაშვილის ინტერესებს წარმოადგენს. საქმეზე - ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ - მოსამართლემ ზეპირი მოსმენა 24 იანვარს გამართა.