logo
ENG



სოფელ ოროზმანში 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს

08 სექ 202213:07
3 წუთის საკითხავი
clock 1730

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროზმანში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის გავრცელების კერას წარმოადგენს.

ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები.

საერთაშორისო ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დმანისის გარდა მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე ახალი წერტილი, ოროზმანი გაჩნდა.

"იგივე ასაკის არიან ეს ადამიანები, რა ასაკისაც არიან ჩვენი ცნობილი ზეზვა და მზია, პირველი ევროპელები და აქ ვიპოვეთ, შეგვიძლია უხეშად ვთქვათ, მათი ბიძაშვილის, ოროზმანელი ბიძაშვილის კბილი, რამაც მთლიანად შეცვალა წარმოდგენა საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ევრაზიელების, უძველესი ევრაზიელი ჰომინიდების გავრცელების შესახებ. უკვე დმანისის გარდა მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე გაჩნდა ახალი წერტილი ოროზმანის სახელით, რაც გამოიწვევს სამეცნიერო ინტერესის გაცხოველებას ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ოროზმანი შევა მეცნიერების სამაგიდო წიგნებში, როგორც უძველესი ევრაზიელების დასახლების წერტილი", - აღნიშნავს ბიძინაშვილი.


close დახურვა