logo
ENG



"იმედია, შემდგომში ყურადღებით მოეკიდება" - კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას აკრიტიკებს

08 სექ 202214:37
3 წუთის საკითხავი
 
"იმედია, შემდგომში ყურადღებით მოეკიდება" - კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას აკრიტიკებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსმენების კანონზე აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას "ძალიან დასანანს და სამწუხაროს" უწოდებს და "იმედოვნებს, საელჩო შემდგომში უფრო ყურადღებით მოეკიდება საკუთარ პოზიციას".

კობახიძის მტკიცებით, განცხადებაში "არასწორი მინიშნებები და სამწუხარო ტყუილები გაიპარა".

ის ირწმუნება, რომ მათ მიერ მიღებულ კანონი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და მასზე სამართლებრივი შენიშვნა ვერავინ გამოთქვა.

"ჩვენ შევთავაზეთ როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, პრეზიდენტი ჩაერთო საქმეში და ვეტო დაადო, შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. ვერავინ სამართლებრივი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით ვერ გამოთქვა. ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს, მათ შაორის საელჩოს, რომელი ერთი სტანდარტია დარღვეული, ვერავინ დაგისახელებთ. ეს არის ერთი სამწუხარო ტყუილი, რომელიც გაიპარა საელჩოს განცხადებაში და მეორე ძალიან სამწუხარო და მძიმე რამ წერია. არ ვიცი ტყუილი, თუ რაც გინდათ ის დაარქვით. ეს არის ის, რომ თითქოს ეს კანონი მიზანმიმართულად იქნა მიღებული მოქალაქეების გაკონტროლებისთვის. ესეც გაუგებარია, ინგლისურად წერია მონიტორინგი და ქართულად წერია კონტროლი. თარგმანშიც კი განსხვავებაა - მონიტორინგი მონიტორინგია, კონტროლი კონტროლია"- ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, კანონი ეხება დამნაშავეების კონტროლს, საელჩოს გუშინდელი განცხადება კი "პოლარიზაციის წამახალისებელია".

"ეს კანონი ეხება დამნაშავეების კონტროლს და როდესაც აშშ-ის საელჩოს განცხადება აიგივებს მოქალაქეებს და დამნაშავეებს, შემაშფოთებელია. ზუსტადაა ეს კანონი გაწერილი, ზუსტადაა განსაზღვრული ყველაფერი, მათ შორის, ვადები და ა.შ. და მათ შორის დანაშაულის კატეგორიებია დადგენილი და როდესაც მძიმე დამნაშავეების გაიგივება ხდება საქართველოს მოქალაქეებთან, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში შეყვანის შედეგი. არ ვიცი, რატომ ხდება რეგულარულად ასეთი შეცდომების გაპარება საელჩოს განცხადებაში. ძალიან მძიმეა ჩვენთვის. ასეთი განცხადებები, დეზინფორმაციული ჩანაწერები წაახალისებს საქართველოში პოლარიზაციას. თუ ჩვენი პარტნიორების მიზანია დეპოლარიზაცია, ისინი უნდა მოერიდონ ასეთი მაპოლარიზებელი განცხადებების გაკეთებას. იმედი გვაქვს, საელჩო შემდგომში უფრო ყურადღებით მოეკიდება საკუთარ პოზიციას"- ამბობს კობახიძე.

გუშინ, 7 სექტემბერს აშშ-ის საელჩო პარლამენტის მიერ მოსმენების კანონის მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "კანონი, რომელიც მთავრობას უზრდის შესაძლებლობას, გააკონტროლოს მოქალაქეები, საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა".

ქართული ოცნების პარლამენტმა მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს დაძლია და ის თავდაპირველი რედაქციით მიიღო. 

თავდაპირველად სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი მხოლოდ 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 68 დეპუტატი წავიდა.

ამის შემდეგ, კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელსაც მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგ წავიდა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

ე.წ. მოსმენების კანონი ქართულმა ოცნებამ ივნისში მიიღო და პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. 

ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტით, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს.

ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება. 


close დახურვა