
შსს-ის ცნობით, ოზურგეთში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებული 1971 წელს დაბადებული კაცია, რომელმაც მეზობელი ქალი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ოზურგეთში მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა” - აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.