საქართველოს პროკურატურა ეხმიანება ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსთავის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუსეთის "პუტინისტ" მოქალაქეებს უკრაინული სიმღერები ჩაურთო, შეკამათების შემდეგ კი გომბორის უღელტეხილზე დატოვა.
პროკურატურა ამბობს, რომ "თითქოს, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა."
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას - 23 ლარს.
აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს. ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა. გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ, დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ.
2022 წლის 13 აპრილს, ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.
აქვე ვაცხადებთ, რომ ადვოკატის მხრიდან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება არღვევს ეთიკის ნორმებს.
მოვუწოდებთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით ყალბი ამბების შექმნისგან და გავრცელებისგან."- წერია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ 12-0-ის წინააღმდეგ ამირან ბოკუჩავა რუსეთის ორი მოქალაქის ეროვნული ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.
პარტია ლელო საქართველოსთვის წევრის ირაკლი კუპრაძე კი ყვება, რომ რუსეთის 2 მოქალაქე ტაქსიში თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩაჯდა. მძღოლმა მათ უკრაინული სიმღერები ჩაურთო, რაზეც შეკამათდნენ. საბოლოოდ მძღოლმა, ამირან ბოკუჩავამ, ისინი თბილისში სასტუმროში მიყვანის ნაცვლად "წაიყვანა გომბორის უღელტეხილზე, ჩამოსვა და აბა თქვენ იცითო - წერს კუპრაძე.
მისი თქმით, საბოლოოდ "ორმა პუტინისტმა რუსმა" მძღოლს პროკურატურაში უჩივლა. მათი თქმით, ტაქსის მძღოლმა ეთნიკური ნიშნით გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა. რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კი ამირან ბოკუჩავა გაამართლა.