logo
ENG



რას ჰყვება ქალი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე

09 სექ 202217:15
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულამ სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლის ჩვენება მოიპოვა.

საუბარია ქალზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია და უწყების მაღალჩინოსნებს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

გენერალური ინსპექციის მიერ შედგენილ ოქმში ქალი დეტალურად აღწერს მომხდარ ფაქტებს. 

მისივე ჩვენებიდან ირკვევა, რომ მაღალჩინოსნები არღვევდნენ შინაგანაწესსაც და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ალკოჰოლს მოიხმარდნენ.

"იგი სამხედრო ბაზაზე დადგენილი ალკოჰოლის მიუხედავად, ძალიან ბევრს სვამდა და ნებისმიერი პატარა მიზეზი საკმარისი იყო გოგოების ოთახში შემოსავარდნად, სადაც გვიყვიროდა. გვეუბნებოდა, რომ ვკაკანებთ და ქალები ქათმები არიან. ქალები და ძაღლები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან და ასე შემდეგ...

არაერთი ასეთი ფაქტის მიუხედავად, მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერის გაკეთება მოვახერხე, სადაც ბილწი სიტყვებით გვესაუბრება. ვინაიდან, ამ სიტუაციის გაძლება გაუსაძლისი გახდა. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ალკოჰოლი არ განსაზღვრავდა მის ასეთ ქმედებებს. ფხიზლად ყოფნის შემთხვევაშიც, ქალების თანდასწრებით, მუდმივად სექსუალური შინაარსის ისტორიებს ჰყვებოდა. გაუთავებლად, სექსუალური შინაარსის ისტორიებზე საუბრობდა ისეთი დეტალებით, რომლის ატანაც შეუძლებელი იყო"- ამბობს ქალი ჩვენებაში. 

ქალს ასევე აქვს ჩანაწერები, თუ რა ფორმით ესაუბრებოდნენ მაღალჩინოსნები მას და მასთან ერთად დასაქმებულ ქალებს.

"ქალს ჯარში რა უნდა? ქალის ადგილი ჯარში არ არის!

ჩაბანილ-ჩაპარსულები ხომ ხართ, დავალებაზე რომ მიდიხართ?

ბრილიანტი მ**ელი არ არსებობს, ყველა ქალს ერთნაირი აქვს.

ჩემი ცოლი იმიტომ მევასება, რომ როცა ვეტყვი მოკეტე, იცის, რომ უნდა გაჩუმდეს, თქვენ არ იცით".

დღეს, 9 სექტემბერს ორგანიზაცია საფარმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან თანამშრომელი ქალის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასა და გენერალური ნიშნით დისკრიმინაციაზე ისაუბრა.

საფარში არ აკონკრეტებენ, სამინისტროს რომელ სტრუქტურაზეა საუბარი, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდო მოძალადეები, სავარაუდო მსხვერპლის უშუალო უფროსი და ორი ზემდგომი, მაღალი თანამდებობის პირები არიან.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიმართეს გენერალურ ინსპექციას მომხდარის შესასწავლად, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ორგანიზაცია მოუწოდებს თავდაცვის სამინისტროს, სათანადოდ გამოიძიოს შემთხვევა.


close დახურვა