logo
ENG



ეიდელმანი ალეშკოვსკის არ შემოშვებაზე: ეს ჩვენი ოჯახის პოზიციას უკავშირდება, გულდასაწყვეტია

11 სექ 202215:17
3 წუთის საკითხავი
 

რუსი ანტი-პუტინისტი ისტორიკოსი, თამარა ეიდელმანი ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას და მის შვილს, ჟურნალისტ დიმიტრი ალეშკოვსკის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეექმნათ.

8 სექტემბერს რუსი ჟურნალისტი, დიმიტრი ალეშკოვსკი, ვინც რუსეთში უცხოეთის აგენტადაა გამოცხადებული მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მისმა დედამ, ისტორიკოსმა თამარა ეიდელმანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ეიდელმანი ფორმულასთან აცხადებს, რომ მაისში საზღვარზე პრობლემები თავადაც შეექმნა, როცა მესაზღვრეებმა 2.5 საათით დააყოვნეს და უთხრეს, რომ „რუსეთიდან წამოსვლა ეიდელმანის, საქართველოში შემოშვება კი მათი [მესაზღვრეების] საქმეა".

რუსი ისტორიკოსის თქმით, მისი შვილი, დიმიტრი ალეშკოვსკი, მას შემდეგ რაც, მისი რუსეთში დარჩენა შეუძლებელი გახდა, საქართველოში ჩამოვიდა და 1 წელია ცოლ-შვილთან ერთად აქ ცხოვრობს. ეიდელმანი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე ისინი საქართველოში უპრობლემოდ შემოდიოდნენ.

ეიდელმანი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათი არ შემოშვების გადაწყვეტილებას რუსეთისადმი და უკრაინაში მიმდინარე ომისადმი თავისი ოჯახის დამოკიდებულებას უკავშირებს. ისტორიკოსის აზრით, ეს პრობლემა ომის შემდეგ დადგა.

„მე, ალბათ, ვერ განვსჯი საქართველოს მთავრობის მიზნებს, მაგრამ, მესმის, რომ ყველა ეს პრობლემა დაიწყო ომის დაწყების შემდეგ. მანამდე ჩემი შვილიც, მისი მეუღლეც, მეც ძალიან მშვიდად ჩავდიოდით საქართველოში, ყველაფერი ნორმალურად იყო. მაგრამ ამის შემდეგ ჩემს შვილს და მე პრობლემები შეგვექმნა საზღვარზე. მაისში 2.5 საათი გამაჩერეს საზღვარზე და როდესაც ვკითხე წარმომადგენლებს, რომ ჩვენ პუტინს გავექეცით, რომელიც არის საქართველოს მტერი და თქვენ ასე გვეპყრობით, მითხრეს შემდეგი რამ: თქვენი რუსეთიდან წამოსვლა თქვენი საქმეა და საქართველოში თქვენი შემოშვება ჩვენი საქმეა.

ამას ვერ შეეკამათები, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს უფლებაა,  მაგრამ გულდასაწყვეტია. ეს რაღაცნაირად კავშირშია ჩვენი ოჯახის პოზიციასთან და იმ თვალსაზრისით, რომ ჩემი შვილი გამოცხადებულია უცხოეთის აგენტად და მთელი ეს ისტორია, რაც საზღვარზე გადამხდა ასევე ნიშანდობლივია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია“ - განაცხადა ეიდელმანმა.

რუსი ისტორიკოსი აცხადებს, რომ ახლა ესმის ჩივილი რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, რომ საქართველოში ცუდად ექცევიან. თავად კი ამბობს, რომ ის, ისევე როგორც სხვა ადამიანები, ვინც პუტინის რეჟიმს გაერიდნენ, საქართველოში ხალხისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას გრძნობდნენ. ეიდელმანის თქმით, ახლა უკრაინელების მხარდაჭერის კუთხით ქართველი ხალხის პოლიტიკა აშკარაა.


close დახურვა