logo
ENG



ISW: უკრაინამ შეცვალა ომი, თუმცა ის 2023 წლამდე მაინც გაგრძელდება

12 სექ 202210:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/mi05au35kkr496v.png

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ჯარებმა დიდი მარცხი მიაყენეს რუსეთს, როცა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დაიბრუნეს. 

ISW წერს, რომ ეს წარმატება იმ კამპანიის შედეგია, რომელიც დასავლური იარაღის მაქსიმალურად გამოყენებას გულისხმობს. 

დამატებითმა შეიარაღებამ, შემდეგ კი კიევის განცხადებამ კონტრშეტევითი ოპერაციის შესახებ ხერსონის ოლქის მიმართულებით რუსული დანაყოფების ყურადღება იმ სექტორებიდან გადაიტანა, რომლებზეც უკრაინულმა ძალებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადამწყვეტი თავდასხმები განახორციელეს. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის და ხერსონის ოლქებში რუსული დაცვის ხაზებზე იერიში HIMARS და სხვა დასავლური სისტემებით მიიტანეს, რამაც ოპერაციის წარმატების საფუძველი შექმნა. 

უკრაინის ხელისუფლება დემონსტრაციულად განიხილავდა სამხრეთში განხორციელებულ დარტყმებს, რითიც წარმატებით მოატყუეს და დააბნიეს რუსები თავიანთი განზრახვების შესახებ ხარკოვის ოლქში. 

თუმცა, ISW წერს, რომ ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს. სამხრეთ-აღმოსავლეთში უკრაინის კამპანია ფაქტობრივად სრულდება, რაც რუსებს საშუალებას მისცემს, აღადგინონ დაცვის ხაზი და ლოკალური კონტრშეტევებიც კი განახორციელონ. 

უკრაინას მოუწევს, დაიწყოს ახალი კონტრშეტევითი ოპერაციები რათა დაასრულოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, აქედან გამომდინარე, ომი, სულ მცირე, 2023 წლამდე გაგრძელდება. 

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს, რომ უკრაინამ ომის მიმდინარეობა შეცვალა. 

ISW-ის შეფასებით, კიევი, დიდი ალბათობით, უფრო და უფრო ხშირად უკარნახებს ძირითადი საომარი მოქმედებების ადგილს და ხასიათს, რუსეთის რეაგირება კი უფრო და უფრო ხშირად იქნება არაადეკვატური უკრაინის მხრიდან გაზრდილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ფონზე.


close დახურვა