logo
ENG



თავდაცვა: უკრაინელმა სამხედროებმა ხარკივში უკვე 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

13 სექ 202218:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/13/5p5uizkr1eqwwi6.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

"ხარკივის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია როგორც იყო დაგეგმილი, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 6 სექტემბრიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, გათავისუფლებულია 3 ათას 800 კვადრატული კილომეტრი, 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და 150 ათასზე მეტი უკრაინელი გათავისუფლდა ოკუპაციისგან, სადაც ისინი ფაქტობრივად ტყვეობაში იყვნენ", - აცხადებს მალიარი.

მან ასევე დასძინა, რომ ოპერაციის გაგრძელება იქამდეა დაგეგმილი, სანამ ხარკივის ოლქს დამპყრობლებისგან სრულად არ გაათავისუფლებენ.

"ყველა დეტალს არ გავასაჯაროებთ, გვწამს, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება მალე", - დასძინა მან.

***

6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს. 

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი. 

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს. 

დღეს, 13 სექტემბერს სპეციალური ოპერაციის ძალებმა აზოვ ხარკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს.  


close დახურვა