logo
ENG



უკრაინის ცნობით, იზიუმში მასობრივი სასაფლაო იპოვეს, სადაც 440 ადამიანია დაკრძალული

16 სექ 202200:29
3 წუთის საკითხავი
clock 1006
2022/09/16/akue1wsqwiqzo9c.jpg
Настоящее Время

ხარკივის რეგიონის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სერგეი ბოლვინოვის თქმით, გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სასაფლაო იპოვეს, სადაც 440 ადამიანია დაკრძალული. 

ზოგ სამარხზე ხის ჯვარია აღმართული, რომელზეც რიცხვებია დატანილი. ზოგიერთ მათგანზე დაღუპულის ვინაობა და სავარაუდოდ, დაღუპვის თარიღიცაა აღნიშნული. საფლავების ნაწილთან ყვავილები აწყვია.

ბოლვინოვის ცნობით, დაღუპულები ცალ-ცალკე არიან დაკრძალულნი. მისი თქმით, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი საარტილერიო ცეცხლსა და საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა.

ხარკივის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხედრების დიდი ნაწილი იდენტიფიცირებული არაა, ამიტომ ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება, რითაც სიკვდილის მიზეზი დადგინდება. 

„შემიძლია ვთქვა, რომ აქ ერთ-ერთი უდიდესი სასაფლაოა, ერთ-ერთ გათავისუფლებულ ქალაქში, იქ 440 საფლავია.

ვიცით, რომ ზოგიერთ მათგანს ესროლეს, ზოგიერთი კი საარტილერიო ცეცხლის გამო, ე.წ ნაღმების აფეთქებითი დაზიანებებით დაიღუპა. ზოგი საჰაერო თავდასხმისას. ბევრი ცხედარი ჯერ კიდევ არაა იდენტიფიცირებული, ამიტომ დაღუპვის მიზეზი გამოძიებისას დადგინდება“ - განაცხადა ბოლვინოვმა.

სხვადასხვა გამოცემამ, მათ შორის Настоящее Время-მ, გამოაქვეყნა მასობრივი სასაფლაოს ფოტოები იზიუმიდან. ფოტოების ავთენტურობა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების კომისარმა, ოლეგ კოტენკომ დაადასტურა.

კოტენკომ Настоящее Время-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავად ოკუპანტებმა გაავრცელეს ვიდეოები, სადაც იზიუმის ეს სასაფლაო ჩანს, ამიტომ უკრაინის ძალები ეძებდნენ ამ ადგილს.

მან ასევე განაცხადა, რომ სავარაუდოდ იპოვიან სიას, სადაც სამარხებზე დატანილ ნომრებთან ერთად დაღუპულთა ვინაობებიცაა მითითებულია. კოტენკოს თქმით, ზოგიერთ საფლავზე მითითებული დაღუპვის თარიღი ცხადჰყოფს, რომ დიდი ნაწილი ქალაქის დაბომბვას ემსხვერპლა.

„და სადღაც არის რეესტრი, რომელშიც, ვფიქრობ, ისინი ჩვენ გვაჩვენებენ, საიდან აიღეს გვამები დასამარხად. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ამ სიებს ვიპოვით და გავიგებთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომაა მითითებული ნომერი და არა გვარი. მაგრამ იქ არის გვარებიც და ყვავილებიც და ზოგიერთ [საფლავზე] დაღუპვის თარიღიც. ვფიქრობ, უმეტესობა დაბომბვისას დაიღუპა, ჩვენ ეს თარიღებიდან უკვე გავიგეთ: ადამიანები დაიღუპნენ, როცა ისინი არტილერიით დაესხნენ ქალაქს თავს“ - განაცხადა კოტენკომ.


close დახურვა