logo
ENG



EU: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევის შემთხვევები აშკარაა

19 სექ 202212:10
3 წუთის საკითხავი
 
EU: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევის შემთხვევები აშკარაა

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 2014-2020 წლების განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შეფასება გამოაქვეყნა. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან სტრატეგიულად გამართული იყო და მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა. 

აღნიშნულია, რომ მიღწეულ იქნა წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას და კარგად წარიმართა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი. 

თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ხარვეზებს შორის გამოვლინდა შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ. 

კერძოდ, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ:

"მართლმსაჯულების რეფორმის ბევრი მიმართულებით – გენდერული ნიშნით ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, იურიდიული დახმარება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა - მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა.

თუმცა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა. დემოკრატიისა და
ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევის შემთხვევები აშკარაა". 

ევროკავშირის შეფასებაში ასევე წერია, რომ შემცირდა საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ, ხოლო შესაძლებლობები ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში დაბალ დონეზე რჩება.

"ეს იმაზე მეტყველებს, რომ საჯარო მმართველობის სისტემა, რომელთანაც რიგით მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს შეხება, კვლავ არასრულყოფილია". 

ანგარიშში მითითებულია, რომ ​თანამშრომლობამ საფუძველი ჩაუყარა ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოების და რეგულაციების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას და ევროკავშირის კანონთა კრებულთან დაახლოვებას, თუმცა, პროექტების შედეგები ნელა ვლინდება.

"ეს უმთავრესად გამოწვეულია თავად ინფრასტრუქტურული პროექტის პროცესის არსით, თუმცა, ასევე, შესაძლებლობების ნაკლებობითაც". - ნათქვამია ანგარიშში. 

შეფასების ჯგუფის მიერ შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები გაიცა:

  • ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ინსტრუმენტების, მეთოდებისა და არხების ფართო სპექტრის, მათ შორის, პოლიტიკის და პოლიტიკური დიალოგის გამოყენება, ამასთანავე ეფექტიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.
  • ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს კრიტიკული მიდგომა შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების საჭიროების შეფასებისას, მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შედეგების მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს.
  • ევროკავშირმა უფრო ხარისხიანად უნდა განაგრძოს გამჭოლი საკითხების წინა პლანზე წამოწევა, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით.
  • ევროკავშირის მხარდაჭერა თანამშრომლობის კუთხით სტრატეგიულად უნდა განისაზღვროს, განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის ასასახად.

close დახურვა