logo
ENG



საფარი: თავდაცვის გენინსპექციის თქმით, უნდა გათავისუფლდეს მაღალჩინოსანი, ვინც ქალზე იძალადა

22 სექ 202221:40
3 წუთის საკითხავი
clock 508
2022/09/22/rx5yqolgtsllmpp.jpeg
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ორგანიზაცია საფარის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მაღალჩინოსანი, რომელმაც თანამშრომელ ქალზე სექსუალურად იძალადა თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.

საფარის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

9 სექტემბერს ორგანიზაცია საფარმა განაცხადა რომ მათ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ქალმა მიმართა, აცნობა სექსუალური შევიწროების შესახებ და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

"საუბარია კაცზე, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფ ქალების დისკრიმინაციულად ექცეოდა, შეურაცხმყოფლად მიმართავდა, სამუშაო სივრცეში შეუფერებელ, საფრთხის შემცველ და ღირსების შემლახველ გარემოს უქმნიდა. გარდა ამისა, არსებობს ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება. ამ ქალის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გამოიკვეთა კიდევ 2 მაღალჩინოსნის მხრიდანაც" - წერს საფარი

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამინისტროს გენინსპექციას 25 აგვისტოს მიმართა და რეაგირება მოსთხოვა. საქმის გაჭიანურების გამო კი 9 სექტემბერს პრესკონფერენცია გამართა. 

დღეს, 22 სექტემბერს უწყებამ სახალხო დამცველს მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირი თანამშრომლის სექსუალური შევიწროების გამო თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.

ორგანიზაციამ 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაზარალებული ქალი უკიდურესად შეშინებული იყო, რადგან კვლავ უწევდა იმ უფროსთან მუშაობა, რომელსაც ბრალს სდებდა სექსუალურ შევიწროებაში.

საფარის ცნობით, შევიწროების ფაქტს ადასტურებდნენ იმავე უწყებაში მომუშავე სხვა ქალებიც.

„უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის მოპყრობას სხვა ქალებიც ადასტურებენ, იგივე უწყებაში, იგივე პირის მიერ და ამას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი ან მხოლოდ ერთი პირის მიმართ განხორციელებული ქმედება არ ყოფილა. საკმაოდ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს ამ მხრივ საქმე” - განაცხადა საფარმა.

 


close დახურვა