logo
ENG



ზაკაევი: საქართველომ ჩრდილოკავკასიელებს საზღვრები უნდა გაუხსნას, რუსეთი მათ გენოციდს აპირებს

26 სექ 202219:13
3 წუთის საკითხავი
 

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერმინისტრი ახმედ ზაკაევი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებს საზღვრები უნდა გაუხსნას, რადგან რუსეთი ამ ადამიანებს უკრაინაში საზარბაზნე ხორცად გამოყენებას აპირებს.

როგორც ზაკაევმა ფორმულას ეთერში აღნიშნა, მაშინ როდესაც საქართველომ რუსეთისგან განთავისუფლება შეძლო, სხვა ერები ჯერ კიდევ რუსული უღლის ქვეშ არიან და ოფიციალურმა თბილისმა მათ დახმარების ხელი უნდა გამოუწოდოს.

ზაკაევის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებს საქართველოში გადასვლის საშუალება უნდა მისცენ, რათა რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაციისგან თავის არიდება შეძლონ.

"დღეს მსოფლიოს და რუსეთის ფედერაციის მეზობლებს უნდა ესმოდეთ, რომ საფრთხე მომდინარეობს არა მხოლოდ პუტინისგან, არამედ რუსეთის იმპერიის არსებობისგან... მინდა საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მივაპყრო იმისკენ, რომ დღეს ჩაკეტილია საზღვრები და არ უშვებენ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებს. ეს დიდი შეცდომაა. ამის გაკეთა არ შეიძლება. პუტინი არ არის მუდმივი, დღევანდელი რუსეთი - იმ იმპერიალისტურ მდგომარეობაში როგორშიც ჯერ არის, ასევე არაა მუდმივი. პუტინი ჩრდილოეთ კავკასიელებს იყენებს საზარბაზნე ხორცად და ამ პატარა ერების ხარჯზე ატარებს მობილიზაციას. ისინი ცდილობენ ამ გენოციდს თავი გაქცევით აარიდონ და პირველ რიგში საქართველოში გაქცევაზე ფიქრობენ. ეს მოძმე ერია.

საქართველოს აქვს ისტორიული პასუხისმგებლობა ამ ერების წინაშე, რომლებიც რუსული უღლის ქვეშ არიან. იქამდე სანამ საქართველომ არ მოაწერა ხელი გეორგიევსკის ტრაქტატს, რუსეთმა ვერ დაიმკვიდრა თავი კავკასიაში. დღეს, როცა საქართველო გათავისუფლებულია რუსეთისგან, ის ვალდებულია ხელი შეუწყოს იმას, რომ სხვა ერებიც გათავისუფლდნენ. დღეს, როცა ამ ერების გენოციდი ხდება, საქართველომ უნდა გამოუწოდოს მათ დახმარების ხელი, გაუხსნას საზღვრები, მერე შეიძლება რამე შეიცვალოს და სხვა ქვეყნებშიც წავიდნენ, მაგრამ დღეს საქართველოში უნდა გაექცნენ ამ საფლავიზაციას. საქართველოს პოზიცია უნდა იყოს არა ანტი-კავკასიური. ამ ხალხს არ უნდა სიკვდილი და არ უნდა, რომ უკრაინელების მკვლელები გახდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ეს უნდა გაიგოს", - განაცხადა ზაკაევმა.

25 სექტემბერს დაღესტანში მოსახლეობამ ნაწილობრივი მობილიზაცია გააპროტესტა, პოლიციამ კი აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნასოფლიდან მობილიზაციისთვის 110 ადამიანი გამოიძახეს, მოსახლეობა კი აქციაზე შვილების, ძმების და ქმრების დასაცავად წავიდა. პოლიცია ჰაერში გასროლით აქციის მონაწილეების დაშლას ცდილობდა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება „რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად“ მოიხსენია. ამავე დღეს, რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა, რასაც 1400-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოჰყვა.

აქციები ასევე გაიმართა გუშინ, რუსეთის რამდენიმე დიდ ქალაქში. აქციებზე მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას აპროტესტებდნენ, პოლიციელები კვლავ აკავებდნენ. დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისები მისცეს.

უკვე მეექვსე დღეა, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეები შემოდიან. 

 


close დახურვა