დღეს, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.
ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შედეგად:
ვის გამოიძახებენ სამხედრო სამსახურში?
300 ათას რეზერვისტს. პუტინისა და შოიგუს განცხადებებიდან გამომდინარე ეს პირები არიან რეზერვიდან, რომლებიც უკვე მსახურობდნენ და აქვთ საბრძოლო გამოცდილება. მათ უნდა ჰქონდეთ ჯარისთვის საჭირო სამხედრო სპეციალობა.
სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის მქონე პირები [სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტს იღებენ 17 წლიდან ახალგაზრდები და სამხედრო სპეციალობების მქონე ქალები], ანუ ისინი, ვინც გაწვევას ექვემდებარებიან, მაგრამ არ მსახურობდნენ ჯარში, გაწვეულები იქნებიან სამხედრო სამსახურში მხოლოდ სრული მობილიზაციის შემთხვევაში.
ანდრეი გურულევი, სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრი ამბობს, რომ მობილიზაცია შეიძლება შეეხოს მხოლოდ 50 წლამდე რეზერვისტებს.
ანდრეი კარტაპოლოვი, სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით უპირველეს ყოვლისა, მათ შეუძლიათ ჯარისკაცების, 35 წლამდე ოფიცრების და 45 წლამდე უმცროსი ოფიცრების მობილიზება.
ვის არ გამოიძახებენ?
ჯერჯერობით შოიგუს ინფორმაცია ასეთია: არ გამოიძახებენ უნივერსიტეტის სტუდენტებს და წვევამდელებს. გადავადების უფლება აქვთ მათ, ვინც მუშაობს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებში.
როდის იწყებენ მობილიზაციას?
დღეს, 21 სექტემბერს. პეტერბურგში უკვე შეიქმნა ნაწილობრივი მობილიზაციის კომისია. მოსკოვი უკვე გასცემს მობილიზაციის ბრძანებებს.
განკარგულების საფუძველზე ვის შეუძლია სამხედრო სამსახურის დატოვება?
სამი კატეგორიის მოქალაქეებს, რომლებსაც
- მიღწეული აქვთ სამხედრო სამსახურის ასაკობრივ ზღვარს
- მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა
- და აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები
შესაძლებელი იქნება თუ არა რუსეთის დატოვება?
ამის შესახებ განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა. მაგრამ კანონი "მობილიზაციის მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ რუსეთის ფედერაციაში" შეიცავს შემდეგს:
"მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან პირებს, რომლებიც დგანან სამხედრო აღრიცხვაზე ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება სამხედრო კომისარიატების, ფედერალური აღმასრულებელი ორგანოების ნებართვის გარეშე, რომლებსაც აქვთ რეზერვი."
დასავლელი თანამდებობის პირები და კრიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ პუტინის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციასთან დაკავშირებით.
- აშშ-ის ელჩმა კიევში შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, როგორც წარუმატებლობის ნიშანი და პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერას რუსული აგრესიის მიმართ. "მოჩვენებითი რეფერენდუმი და მობილიზაცია სისუსტის, რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია." - წერს ელჩი, ბრიჯიტ ა. ბრინკი Twitter-ზე.
- უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ პუტინის მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ: "სამ-დღიანი ომის" 210-ე დღე. რუსებმა, რომლებიც უკრაინის განადგურებას ითხოვდნენ საბოლოოდ მიიღეს: 1. მობილიზაცია; 2. ჩაკეტილი საზღვრები, საბანკო ანგარიშების დაბლოკვა; 3. ციხე დეზერტირებისთვის.ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვით მიდის, არა? ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს."
- დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი აცხადებს, რომ ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი პირობა დაარღვია და მოსახლეობის ნაწილის სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი უკრაინასთან ომში მარცხდება, რუსეთი კი "გლობალურად გარიყული" ხდება. უოლასის თქმით, პუტინმა და შოიგუმ ცუდი აღჭურვილობითა და არაეფექტური სარდლობით რუსეთის უამრავი მოქალაქე სიკვდილისთვის გაწირეს.
- ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუკსასის განცხადებით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია იმის ნიშანია, რომ მოსკოვი სავალალო სიტუაციაშია. მისი თქმით, უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი რეზერვისტები "საზარბაზნე ხორცები" იქნებიან. "იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩვენს საზღვრებთანაც [კალინინგრადის რეგიონი] განხორციელდება, ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთიდან მომდინარე ნებისმიერი პროვოკაცია." - წერს ანუშაუკსასი.
- გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია და ეს გადადგმული ნაბიჯი არის "ცუდი და არასწორი განვითარებაა."
- ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტე კი ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას აფასებს, როგორც რუსეთში არსებული პანიკის ნიშნებს. "მობილიზაცია, მოწოდებები დონეცკში რეფერენდუმისკენ - ყველაფერი ეს პანიკის ნიშნებია. მისი [პუტინის] რიტორიკა ბირთვულ იარაღზე ბევრჯერ მოგვისმენია და გულგრილები დაგვტოვა. ყველაფერი ეს ჩვენთვის ცნობილი რიტორიკის ნაწილია. სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდებდი."- წერს რუტე.
- რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ თავის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ "ყველაფერი გაუგებარია, მაგრამ გასაგებია, რომ ყველაფერი ცუდადაა. უკვე ახლა გასაგებია, რომ ის დანაშაულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს, ღრმავდება და ღრმავდება და პუტინი რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვას ცდილობს. მას სურს, ასი ათასობით ადამიანი ამ სისხლში ამოსვაროს. რა თქმა უნდა, ეს უდიდეს ტრაგედიებს, უამრავ სიკვდილს გამოიწვევს. დანაშაულის მასშტაბი და ჩართულების რაოდენობა იზრდება. და ეს კეთდება იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა თავისი პირადი ძალაუფლება დაიჭიროს."
- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი და რუსეთის მეზობელი ლატვია არ შეიფარებს რუსეთის არცერთ მოქალაქეს, ვინც ქვეყნიდან სამხედრო მობილიზაციას გაექცევა. რინკევიჩის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე, რუსეთის მოქალაქეებს ჰუმანიტარულ ან სხვა ტიპის ვიზებს არ მისცემენ და არც 19 სექტემბერს ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები შეიცვლება.
- კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაცია "არ დაეხმარება აგრესორს, გაანადგუროს და დაიპყროს უკრაინა". "პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია და ბირთვული მუქარა არ დაეხმარება აგრესორის სურვილს, გაანადგუროს და დაიპყროს უკრაინელები და უკრაინა. ტირანმა საბოლოოდ დაიწყო თავის ქვეყანაში პროცესები, რომლებიც მას დამარხავს." - აცხადებს კლიჩკო.