არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენი პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი.
"ჩვენ ჩავატარეთ სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის, კენჭისყრა და შეირჩა 3 კანდიდატი, რომელსაც წარმოგიდგენთ. ესენი არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები, ადამიანის უფლებათა დაცვაში ცნობილები: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. ამ 3 ადამიანს წარმოადგენს ჩვენი ჯგუფი, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატებს და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სუბიექტებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მათაც მოახდინონ შემდეგ სწორედ ამ ადამიანების დასახელება, ნომინირება, რათა სამივეს ეყაროს კენჭი უშუალოდ პარლამენტში." - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.
31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.
მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები "პირს შეკრავენ" და კანდიდატს არ წარადგნენ, ქართული ოცნება პროცესში ჩაერთვება და საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.
ამასთან, პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.
მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.
15 სექტემბერს, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.