logo
ENG



შსს-ს თქმით, საქართველოში შემოსული რუსეთის თითოეული მოქალაქისა და რისკების შესწავლა ხდება

28 სექ 202216:07
3 წუთის საკითხავი
clock 879

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ შსს შეისწავლის რუსეთის იმ თითოეულ მოქალაქეს, ვინც საქართველოში შემოდის და საფრთხეების შემთხვევაში მას უარს ეუბნება.

დარახველიძე აცხადებს, რომ გაზრდილია ნაკადები ლარსის გამშვებ პუნქტზე, თუ ამ დრომდე დღეში სტანდარტულად რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე შემოდიოდა, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის რიცხვი, 40-45%-ით გაიზარდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ლარსის გამშვებ პუნქტზე დამატებითი ძალებია გაგზავნილი და სიტუაციას მაქსიმალურად აკონტროლებენ, სწავლობენ ყოველ შემომსვლელს და იმ შემთხვევაში თუ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, ან თუ არსებობს რისკები, რომ კონკრეტული ადამიანები საქართველოს საფრთხეს შეუქმნიან, მათ ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან.

„რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ახლა არის არაორდინალური სიტუაცია, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ გამოიწვია იმ ნაკადების ზრდა არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა პოლიციას გაზრდილი აქვს დატვირთვა და გამოწვევები არსებობს, მაგრამ ჩვენ არსებული რესურსებით ვუმკლავდებით და მაქსიმალურად, იმ რესურსებით და საკანონმდებლო ჩარჩოთი, რაც გააჩნია შსს-ს, ხდება თითოეული შემოსული პირის შესწავლა და სადაც არსებობს რისკები და საფრთხეები, ბუნებრივია ამ ადამიანების მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება ხდება,"- განაცხადა დარახველიძემ.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პოტენციური გაწვევის თავიდან ასარიდებლად მობილიზაციით გათვალისწინებულმა ჯგუფებმა რუსეთის მასობრივად დატოვება დაიწყეს.

24 სექტემბერს, BBC-ის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მანქანების რიგი 10 კმ-ს აღწევდა, მოძრაობა ძალიან იყო შენელებული და ზოგიერთი ადამიანი 20 საათზე მეტი ელოდა საზღვრის გადაკვეთას.

27 სექტემბერს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საქართველოდან რუსეთში 62 120 ადამიანი გადავიდა.

ასევე 27 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი, საქართველოს საზღვართან, ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტის გახსნას აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გამშვებ პუნქტთან ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ანდრეი სერგეევი მივიდა.

ევროკავშირის საზღვრისა და სანაპიროს დაცვის სააგენტოს Frontex-ის ცნობით, გასულ კვირაში, 19-25 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა კვირებთან შედარებით 30%-იანი მატებაა.

 

close დახურვა