logo
ENG



19-25 სექტემბერს EU-ს ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც 30%-იანი მატებაა

28 სექ 202211:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/28/vey4z0rmlgv7iqc.jpg
Janis Laizans / Reuters

ევროკავშირის საზღვრისა და სანაპიროს დაცვის სააგენტოს Frontex-ის ცნობით, გასულ კვირაში, 19-25 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა კვირებთან შედარებით 30%-იანი მატებაა.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე ფინეთისა და ესტონეთის გამშვები პუნქტებიდან შედიან. რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ფინეთში რუსეთის მხრიდან საზღვრის კვეთის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Frontex-ის ცნობით, 19 სექტემბერს ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურიზმისა და დასვენების მიზნით მოგზაურობაზე შესვლაზე შეზღუდვები დაუწესეს. სააგენტო აცხადებს, რომ მსგავსი შეზღუდვების დაწესება ფინეთშიც იგეგმება.

„რუსეთის მხრიდან ნაწილი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მეზობელ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საზღვრების კვეთა გაიზარდა. გასულ კვირაში, დაახლოებით 66 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა ევროკავშირში, წინა კვირასთან შედარებით 30%-ით მეტი. მათი უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა. გასული 4 დღის განმავლობაში 30 000 რუსეთის მოქალაქე ჩავიდა ფინეთში. მათ უმეტესობას აქვს ბინადრობის უფლება ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა ან შენგენთან დაკავშირებულ ქვეყნებში ვიზები, სხვებს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.“ - აცხადებს სააგენტო. 

Frontex-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე სახმელეთო გზით დაახლოებით 1 303 000 ადამიანი შევიდა, უკან, რუსეთში კი  ხმელეთით 1 273 000 ადამიანი დაბრუნდა.

სააგენტო ვარაუდობს, რომ თუ რუსეთი ახალწვეულების გაქცევის თავიდან აცილების მიზნით საზღვრების ჩაკეტვას გადაწყვეტს, გაიზრდება საზღვრის უკანონოდ კვეთის და ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკანონოდ დარჩენის შემთხვევები.

„მოკლევადიან პერიოდში, ჩვენ სავარაუდოდ ვიხილავთ რუსეთის მოქალაქეების მზარდ ოდენობას, ევროკავშირის სასაზღვრო პუნქტებთან, რაც რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მობილიზაციასთან დაკავშირებულმა დაბნეულობამ/გაურკვევლობამ გამოიწვია. გრძელვადიან პერიოდში, ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევები რუსეთთან და უკრაინასთან ევროკავშირის გარე საზღვრებთან, ისევე როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის იმ მოქალაქეების უკანონოდ დარჩენის შემთხვევები, ვინც უკვე იმყოფება წევრ სახელმწიფოებში“ - აცხადებს Frontex.

 

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?

რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ Novaya Gazeta.Europe-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე დიდ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქციებზე ასობით მოქალაქე დააკავა.

დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისები გადასცეს. პარალელურად იმართებოდა შეკრებები, სადაც მოქალაქეები პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ. 

24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაციისა და ომში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებებს ხელი მოაწერა.

კანონმდებლობის მიხედვით, მობილიზაციისას გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში არ გამოცხადება ან გაქცევა დასჯადი ხდება და 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ეხება, როგორც რეზერვში მყოფ სამხედრო პერსონალს, ასევე ხელშეკრულებით მყოფ სამხედროებს.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პოტენციური გაწვევის თავიდან ასარიდებლად მობილიზაციით გათვალისწინებულმა ჯგუფებმა რუსეთის მასობრივად დატოვება დაიწყეს.

24 სექტემბერს, BBC-ის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მანქანების რიგი 10 კმ-ს აღწევდა, მოძრაობა ძალიან იყო შენელებული და ზოგიერთი ადამიანი 20 საათზე მეტი ელოდა საზღვრის გადაკვეთას.

27 სექტემბერს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საქართველოდან რუსეთში 62 120 ადამიანი გადავიდა.

ასევე 27 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი, საქართველოს საზღვართან, ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტის გახსნას აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გამშვებ პუნქტთან ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ანდრეი სერგეევი მივიდა.

 

close დახურვა