logo
ENG



კალაძე: ლუკაშენკომ ოკუპაციის კანონი დაარღვია, რეაგირება გვექნება

28 სექ 202220:09
3 წუთის საკითხავი
clock 803
კალაძე: ლუკაშენკომ ოკუპაციის კანონი დაარღვია, რეაგირება გვექნება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

კალაძემ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტი უწოდა.

"ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში ძალიან შემაშფოთებელია და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან, შესაბამისი უწყების მხრიდან მოჰყვება რეაგირება", - თქვა კალაძემ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფება. სოცქსელებში კორტეჟის გადაადგილების ვიდეოები ვრცელდება, რომელსაც საგზაო-საპატრულო სამსახურები მიყვება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

სამინისტროს განცხადებით, საქართველო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.


close დახურვა