
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს ოფიციალური მინსკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობის აღიარება" არ განუხილავთ. ინფორმაციას კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ავრცელებს.
გარდა ამისა, პესკოვის თქმით, პუტინმა და ლუკაშენკომ ასევე არ განიხილეს ბელარუსის მიერ ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების საკითხიც.
"ეს საკითხები არ იყო დღის წესრიგში და არ იქნა განხილული... ეს ბელარუსის შიდა, სუვერენული უფლებაა და ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ბელარუსი მეგობრები დამოუკიდებლად, მათთვის შესაფერის დროს მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას", - თქვა პესკოვმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფებოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.