logo
ENG



ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა კანდიდატმა მიმართა - ცნობილია მათი ვინაობა

30 სექ 202211:07
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა კანდიდატმა მიმართა - ცნობილია მათი ვინაობა

სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა კანდიდატმა მიმართა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

ომბუდსმენის კანდიდატობაზე განცხადებების მიღება გუშინ, 29 სექტემბერს დასრულდა. უკვე შერჩეულია 9-კაციანი შეფასების ჯგუფიც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა.

კანდიდატთა შეფასების პროცედურები დასრულდება არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა. შეფასებები და მასალები შემდეგ ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და უფრაქციო დეპუტატებს წარედგინებათ, რომლებმაც, არაუგვიანეს 2022 წლის 21 ოქტომბრისა, კანდიდატები უნდა შეარჩიონ და დაასახელონ.

სახალხო დამცველობის კანდიდატები არიან:

  1. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
  2. მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი
  3. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
  4. ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
  5. სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  6. თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
  7. ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი
  8. ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე
  9. ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
  10. ნუგზარ კოხრეიძე - ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე
  11. გიორგი მარიამიძე - ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი
  12. სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
  13. მაკა მინდიაშვილი - ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი
  14. ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
  15. ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
  16. ქეთევან ჩაჩავა - ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი
  17. გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
  18. იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი
  19. ნაზი ჯანეზაშვილი - ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენი პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. 

31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.

მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები "პირს შეკრავენ" და კანდიდატს არ წარადგნენ, ქართული ოცნება პროცესში ჩაერთვება და საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.

ამასთან, პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.

მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.

15 სექტემბერს, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.

 

 

 


close დახურვა