logo
ENG



სტეფანჩუკი: აშშ-ის ლენდ-ლიზის კანონი უკრაინისთვის ძალაში დღეს შევიდა

01 ოქტ 202217:54
3 წუთის საკითხავი
clock 631
2022/10/01/vrvm146ldlgxp1e.jpg

უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის ცნობით, აშშ-ის ლენდ-ლიზის კანონი უკრაინისთვის ძალაში დღეს, პირველ ოქტომბერს შევიდა.

სტეფანჩუკის თქმით, ლენდ-ლიზის ფარგლებში უკრაინა უფრო მრავალფეროვან და ხარისხიან იარაღს მიიღებს.

„აშშ-ის ლენდ-ლიზის კანონი უკრაინისთვის ძალაში დღეს შევიდა, რაც ნიშნავს უფრო განსხვავებულ, უფრო მაღალი ხარისხის იარაღებს. უკრაინა ნამდვილად დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას” - ტვიტერზე წერს რუსლან სტეფანჩუკი.

 

აშშ-ის სენატმა 7 აპრილს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის“ მიღებას, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.

სენატორებმა ლენდ-ლიზის (სესხება-იჯარა) წინადადებას მხარი აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირეს.

"უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ამ აქტით აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დე ფაქტო საჩუქრად შეუძლიათ, მიმღები ქვეყნის მხრიდან მომავალში აშშ-ისთვის დაბრუნების პირობით.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელი 9 მაისს მოაწერა.


close დახურვა