logo
ENG



კალაძემ დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა

02 ოქტ 202222:17
3 წუთის საკითხავი
clock 3140
2022/10/02/jeh9vrwxxgki509.jpeg

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიზაინერ დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.

კალაძის თქმით, დემნამ საქართველოს სახელი გაუთქვა და მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი მოდის ინდუსტრიაში.

"თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას. ადამიანს, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი, ქართველები ვართ ადამიანები, ვისაც ბევრი რამ შეგვიძლია.

ადამიანი, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი მოდის ინდუსტრიაში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლის, ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, სხვადასხვა წლებში მუშაობდა სხვადასხვა მოდის სახლებში და უნდა აღინიშნოს, რომ არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს მფლობელი.

დემნა დღეს თბილისში არ იმყოფება, ვერ მოახერხა ჩამოსვლა, იმიტომ, რომ პარიზის მოდის კვირეული იმართება, მინდა მას წარმატებები ვუსურვო. მე მექნება შესაძლებლობა, მომდევნო დღეების განმავლობაში საპატიო თბილისელის წოდება, ჯილდო ოფიციალურად გადავცე პირადად მას", - თქვა კალაძემ.

მან დემნას გარდა საპატიო თბილისელის წოდება კიდევ 19 პირს მიანიჭა. 2022 წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

  • შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;
  • თენგიზ არჩვაძე - მსახიობი;
  • ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი;
  • ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი;
  • მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი;
  • მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე;
  • ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ;
  • ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი;
  • ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;
  • გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი;
  • ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი;
  • ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი;
  • რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი;
  • ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი;
  • მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი;
  • ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი,  ჟურნალისტი;
  • ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი;
  • ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი;
  • ელდარ შენგელაია - რეჟისორი;
  • დემნა გვასალია - დიზაინერი.

"პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ", - განაცხადა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.


close დახურვა