logo
ENG



ფრონტის ხაზის გარღვევა და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები - რა ხდება ხერსონში

04 ოქტ 202200:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/21ryvv54r6hk0x3.jpg

ბოლო 2 დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში ინტენსიურ ბრძოლაში არიან ჩართული და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე საკუთარ პოზიციებს ამყარებენ. უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით ფრონტის გარღვევაც შეძლეს.

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის პრესმდივანი ნატალია ჰუმენიუკი ამბობს, რომ ხერსონში სიტუაცია მწვავდება და ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და პოზიციების გამაგრებას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკვე გათავისუფლებულია და ჯერ კიდევ იწმინდება [ოკუპანტებისგან]. ასევე, ვაგრძელებთ ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობას ფრონტის ხაზის გასწვრივ იმ დასახლებებში, სადაც მტერი ჯერ კიდევ გვიხსნის ცეცხლს. ეს თითქმის 45 დასახლებული პუნქტია, რომელიც დაბომბეს ბოლო ერთი დღის განმავლობაში", - განაცხადა ჰუმენიუკმა.

მისივე ინფორმაციით, შავ ზღვაში შტორმის, ასევე უკრაინული სარაკეტო სისტემების გამო ოკუპანტების გემები ვერ ახერხებენ ხმელეთთან მიახლოებას.

"ოკუპანტებს ჰყავთ 8 გემი და კატერები. ეს გემები შტორმის გამო და ჩვენი რაკეტების გამო ვერ უახლოვდებიან ტერიტორიას. ახლა ცდილობენ მიიხმარონ 2 წყალქვეშა ხომალდი, რომელიც აღჭურვილია კალიბრის ტიპის რაკეტებით. ეს ნიშნავს იმას, რომ სარაკეტო თავდასხმის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს", - თქვა მან.

ხერსონში უკრაინელი ჯარისკაცების წარმატება 2 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ ვიდეოში დაადასტურა. მან 129-ე ბატალიონს, რომელმაც არხანგელსკოე და მიროლუბოვკა გაათავისუფლა.

მოგვიანებით ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშინმა განაცხადა, რომ ორივე ქალაქი რუსი სამხედროებისგან უკვე გათავისუფლებულია.

"არხანგელსკოე და მიროლუბოვკა გათავისუფლებულია მტრისგან. ველოდებით მორიგ კარგ ამბებს. დიდება უკრაინას და შეიარაღებულ ძალებს", - ამბობს იარუშინი.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში უკრაინელმა ავიაციამ 3 რუსული უპილოტო საფრენი ჩამოაგდო. ხერსონის ოლქში, კერძოდ კი ბერისლავის რაიონში სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდო, ხოლო 2 ოქტომბერს, ამავე რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების სამხედრო ვერტმფრენი KA-52 გაანეიტრალეს.

გენშტაბის ბოლო ცნობებით, უკრაინულმა ავიაციამ ოკუპანტების მისამართით 9 თავდასხმა განახორციელა, ხოლო სარაკეტო-საარტილერიო დანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსების ლოჯისტიკურ ცენტრებს და იმ რაიონებს, სადაც ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა იყო განთავსებული.

ხერსონის ნაწილში მარცხი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აღიარა. უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის გარღვევა შეძლეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ რუსმა სამხედროებმა მანამდე მომზადებულ ტერიტორიებზე განლაგება მოასწრეს და კონკრეტული მიმართულებებით უკრაინელების იერიშის მოგერიება შეძლეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინელების მიერ ფრონტის გარღვევა, მათ ხელში არსებულმა ტანკების დიდი რაოდენობამ განაპირობა. მისივე ინფორმაციით, უკრაინელებმა იერიში სამი ძირითადი მიმართულებით მიიტანეს - მიკოლაევი, დავიდოვის ბროდი და კრივი რიჰის და დნეპროპეტროვსკის ოლქები.

ხერსონში განვითარებულ მოვლენებს პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინიც გამოეხმაურა.

ის ამბობს, რომ "უკრაინამ ხერსონის მიმართულებით დიდ პროგრესს მიაღწია, აგრძელებს რუსების შეტევის მოგერიებას და გარკვეული დინამიკა საბრძოლო მოქმედებებში შეიცვალა".

ლოიდის თქმით, ეს პოზიტიური ცვლილებები განპირობებულია უკრაინელი სამხედროების ოსტატობით და მათ მიერ იარაღის სტრატეგიული გამოყენებით, რომელიც უკრაინას პარტნიორობა გადასცეს.

ლოიდი განსაკუთრებით გამოყოფს HIMARS - მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ საარტილერიო სისტემას.

"რასაც ახლა თვალყურს ვადევნებთ არის საბრძოლო ველზე დინამიკის ერთგვარი შეცვლა. ბრძოლები ხერსონის ოლქში ხარკივთან შედარებით ნელა ვითარდება, თუმცა უკრაინელები წინ მიიწევენ", - ამბობს ლოიდი.

უკრაინელი ექსპერტები ამბობენ, რომ ოპერატიული თვალსაზრისით, გათავისუფლებული ტერიტორიები ძალიან მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტებია.

მათი აზრით, მოვლენების ეს განვითარება იმის ფიქრის საფუძველს იძლევა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მოამზადონ გარღვევა ხერსონის ოლქის სრულ ტერიტორიაზე.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მიაღწიეს წარმატებას. 1 კვირის წინ მათ რუსების მიერ ოკუპირებული ხარკივი სრულად გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი გათავისუფლდა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ლიმანი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. მას შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა 60 430 რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს.


close დახურვა