logo
ENG



რუსეთმა "პირველი არხის" ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ძებნაში გამოაცხადა

04 ოქტ 202210:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/nrjlzh8y7bk92un.jpg

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის "პირველი არხის" ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა ფედერალურ ძებნაში გამოაცხადა.

1 ოქტომბერს ოვსიანიკოვას ყოფილმა ქმარმა თქვა, რომ იგი გაიქცა შინაპატიმრობიდან, რომელიც ოვსიანიკოვას კრემლის წინ ომის საწინააღმდეგო პიკეტში მონაწილეობის გამო შეეფარდა.

აგვისტოში სამართალდამცავმა უწყებებმა მის წინააღმდეგ რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის საქმე აღძრეს. როგორც იგორ ოვსიანიკოვმა განაცხადა, მისი ყოფილი მეუღლე 11 წლის ქალიშვილთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა.

ოვსიანიკოვას ადვოკატმა, დიმიტრი ზახვატოვმა Novaya Gazeta Europe-ს განუცხადა, რომ არაფერი იცოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესაძლო გაქცევის შესახებ.

მარინა ოვსიანიკოვა 14 მარტს, რუსული პირველი არხის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა. ამისთვის სასამართლომ ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა და დამნაშავედ ცნო "საჯარო ღონისძიების მოწყობაში ან გამართვაში შეტყობინების წარდგენის გარეშე". იგი მალევე გაემგზავრა გერმანიაში, სადაც რამდენიმე თვე მუშაობდა და ივლისში რუსეთში დაბრუნდა, მისი თქმით, ყოფილ ქმართან ბავშვის მეურვეობის შესახებ დავის მოსაგვარებლად.


close დახურვა