logo
ENG



"ოთხეულთან" გადასულმა ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52%-იანი წილი შეიძინა

04 ოქტ 202211:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/eq9jt34qiijrnel.jpg

პარლამენტის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52%-იანი წილი შეიძინა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯაფარიძე ქართული ოცნებიდან ფორმალურად გასულ "ოთხეულს" შეუერთდა.

"აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს, რომ საზოგადოებამდე ჩვენი სათქმელი კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ", - განაცხადა დეპუტატმა სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით POSTV-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ღიად და აქტიურად დაუჭერენ მხარს ახლად შექმნილ მოძრაობა ხალხის ხმას:

"არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა. ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი.
არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა. ღრმად გვწამს, რომ ამ ნაბიჯების გადადგმით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში".

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულ ოთხ დეპუტატს მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი და პროსახელისუფლებო POSTV-ის წამყვანები შეუერთდნენ.

ოთხეულის გუნდს ხუთი პარლამენტარი ემატება: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია და ზაალ მიქელაძე. როგორც სოზარ სუბარმა თქვა, მათი მოძრაობა ხალხის ძალა პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ამავე მოძრაობას უერთდებიან ექსპერტები და POSTV-ის წამყვანები: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ოთარ ჭულუხაძე და წამყვანები - ნუკრი შოშიაშვილი, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.


close დახურვა