logo
ENG



სეუ-ს ყოფილი სტუდენტის თქმით, კრიტიკული პოსტის მხარდაჭერისთვის სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს

06 ოქტ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock 1283

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი ამბობს, რომ სასწავლებელმა სტუდენტის სტატუსი გამოსაშვებ საღამოზე კრიტიკული Facebook-პოსტის მხარდაჭერისთვის შეუწყვიტა.

თამარ ლომიძე ფორმულასთან საუბრისას ჰყვება, რომ მან საკუთარი აზრი დააფიქსირა ერთ-ერთი სტუდენტის პოსტზე, რამაც უნივერსიტეტის რექტორის, გია კავთელიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.

"ერთ-ერთმა სტუდენტმა დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ სხვა ყველა უნივერსიტეტის სტუდენტმა აღნიშნა გამოსაშვები საღამო და სეუ-ს სტუდენტებმა ეს ვერ გააკეთეს და თქვა, რომ "მაგარი ბანძები გამოვედით, სხვების ფონზეო". ამის სქრინი გამოაგზავნა ბატონმა გიამ საერთო ჩატში, სადაც სტიპენდიანტები არიან გაერთიანებული და დაწერა, რომ ვინც ასეთ კომენტარებს გააკეთებდა, ისინი გამოსაშვებს ვერ დაესწრებოდნენ. ამ ჩატშივე დავწერე, რომ სტუდენტის გამოსაშვებზე წამოსვლა-არ წამოსვლის საკითხი არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული, თუ რა დაწერა მან. ამის შემდეგ დაიწყო ის, რომ ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ ამბიციები და გრძელი ენა მაქვს. მორალის კითხვა დამიწყო, გამოხატვის თავისუფლება არაა, რასაც შენ აკეთებო... ამის მერე იყო მობილობასთან დაკავშირებით მოწოდება, რომ გადავსულიყავი, რაზეც უარი განვაცხადე და მერე კი ვნახეთ, როგორ გადავედი იძულების წესით, მობილობით"- ამბობს ლომიძე.

მან ფორმულას აჩვენა სქრინები, სადაც მისი და რექტორის დიალოგია:

- ვის წერ მთელი დღეა., თუ იცი? ისე, თუ მაინც გადაავლებ თვალს სხვა უნივერსიტეტებს, არ გაწყდენდა.

- დიახ ბატონო გია, ვიცი. სეუ-ს სამართლის პროგრამით კმაყოფილი ვარ, ამიტომ ვრჩები.

- ვნახოთ, შენს ადგილას გადავიდოდი.

- ეს მუქარაა?

- რჩევაა

- მადლობა კიდევ ერთხელ რჩევისთვის.

- თუ გაითვალისწინებ რჩევას, მეც მადლობას გეტყვი.

- ეგ უკვე ჩემი უფლებაა

- უფლებას და რჩევას ასხვავებ ალბათ. ჯერ არაფერი გაგიკეთებია ცხოვრებაში და ამბიციები გაქვს. როცა გრძელ ენას სიტყვის თავისუფლებაში ურევენ, ვალდებული ვარ, მივუთითო. დღეს ზღვარი დაკარგეს სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის. მე ზღვარს აღვუდგენ. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ვინც ვერ ითმენს და ენა უსწრებს, მოუწევს სახლში გადაიხადოს გამოსაშვები. მგონი, სწორად გაიგებთ ჩემს ნათქვამს. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ გაუქმდა ცნება: "შეურაცხყოფა", "ღირსების შელახვა", "რეპუტაციის შელახვა", "უპატივცემულობა".

როგორც თამარ ლომიძე აცხადებს, აპირებს, რომ სასამართლოს მიმართოს და საკუთარი უფლებები დაიცვას.

რაც შეეხება უნივერსიტეტის პოზიციას, ფორმულას შეკითხვებზე მათ პასუხი არ გაუციათ.


close დახურვა