logo
ENG



ზელენსკი: NATO-მ "პრევენციული ზომები" უნდა მიიღოს, ვიდრე რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

06 ოქტ 202223:40
3 წუთის საკითხავი
clock 544
OP

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, NATO-მ პრევენციული ზომების მიღებით, რუსეთისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლებელი უნდა გახადოს. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრალიის ლოუის ინსტიტუტის (Lowy Institute) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო დისკუსიისას ისაუბრა. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაც.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მსოფლიო არც პუტინს და არც თავად რუსეთს ამას არასდროს აპატიებს.

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ამ ხალხს [რუსებს] შეუძლია ასეთი საშინელი ნაბიჯები გადადგან. რა უნდა გააკეთოს NATO-მ? რუსეთისთვის შეუძლებელი გახადოს ბირთვული იარაღის გამოყენება. მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი? მე კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ამას 24 თებერვლამდე ვაკეთებდი. პრევენციული დარტყმები, რათა მათ იცოდნენ რა დაემართებათ თუ მას [ბირთვულ იარაღს] გამოიყენებენ. და არა პირიქით...“ - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ამავე შეხვედრაზე ზელენსკის განცხადების შესახებ თქვა, რომ „ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების მოწოდებაა, რასაც არაპროგნოზირებადი, საშინელი შედეგები შესაძლოა მოჰყვეს“.

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა სერჰეი ნიკიფოროვმა კი განმარტა, რომ უკრაინა არასდროს მოუწოდებს ვინმეს ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ. მისი თქმით, ზელენსკი პრევენციულ სანქციებს გულისხმობდა, რაც, მისი აზრით, დასავლეთს რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრამდეც უნდა დაეწესებინა.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს დამატებითი შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდა. პრაღაში 40 ქვეყნისგან შემდგარი ფორუმისადმი მიმართვისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უნდა დაამარცხოს რუსეთი, რათა ევროპის თავისუფლება დაიცვას.

„შეხედეთ, ახლა ისეთი დაძაბული ომი მიმდინარეობს უკრაინაში საბრძოლო ველზე, როგორსაც სახელმწიფოების უმრავლესობა ვერ აწარმოებდა. და ამიტომაც ამ ომში ახლა უნდა გავიმარჯვოთ - უკრაინაში. რათა რუსეთის ფლოტმა ვერ შეძლოს შავი ზღვის, ხმელთაშუაზღვის ან სხვა ზღვების პორტების ბლოკადა, რათა რუსულმა ტანკებმა არ მიაღწიონ ვარშავამდე ან პრაღამდე“ - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა