logo
ENG



"2 თვეა ხელფასი არ ამიღია" - პოლონეთში მყოფი ქართველების თქმით, დამსაქმებელმა მოატყუა

07 ოქტ 202212:24
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთში დასაქმებული საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე დახმარებას ითხოვს.

როგორც ისინი ფორმულასთან საუბრისას ჰყვებიან, სავარაუდოდ, დამსაქმებელმა კომპანიამ მოატყუა.

12 ადამიანი პოლონური კომპანიის ქართული წარმომადგენლობის დახმარებით ჩავიდა გდანსკში და ავტობანის მშენებლობაზე დასაქმდა, თუმცა მათ ორი თვის მანძილზე ჯამში მხოლოდ 1 000 ზლოტი (დაახლოებით 200 დოლარი) გადაუხადეს. შეთანხმების მიხედვით, კი მათ თვეში 5 000 ზლოტი უნდა აეღოთ.

სამუშოდ წასული ქართველები ამბობენ, რომ შესრულებულ სამუშაოში ანაზღაურებას ახლა საერთოდ აღარ უხდიან და შესაძლოა, საცხოვრებელი ბინაც დაატოვებინონ.

გარდა ამისა, ქართველები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთების ფული, ლეგალურად ყოფნის 3-თვიანი ვადაც იწურება და ამის შემდეგ, თუ ქვეყანას ვერ დატოვებენ, არალეგალები გახდებიან.

მოქალაქეები პოლონეთში კომპანია tadex-pol-ის და მისი წარმომადგენლის ირაკლი ტყებუჩავას დახმარებით ჩავიდნენ.

"ჩამოვედით, ორი თვეა აქ ვარ და ჯერ ხელფასი არ ამიღია. როცა ფირმას მოყავხარ დასაქმებით საქართველოდან, არ არსებობს იმხელა თანხა გადაიხადო სამუშაო მოწვევაში, რა თანხაც ჩვენ გადავიხადეთ - 120 დოლარი გადავიხადეთ. კარტას არ მიკეთებენ. კარტა რომც გააკეთონ, თანხას არ გირიცხავენ. ხელზე მოაქვთ. საქართველოს ოფისს ველაპარაკე, გადმომამისამართეს ირაკლი ტყებუჩავასთან, აქ ვინც არის და ასაქმებს. აფერისტია, ყოფილი პოლიციელია. გეუბნება, რომ 1 000 ზლოტს გაძლევო და თან გემუქრება, წადი თორემ დაგჭერ და დაგადეპორტებო. ვინც ჩვენამდე იყო, ისინიც მასე არიან წასულები, დღესაც არ ჩაურიცხავთ თანხა"- ამბობს პოლონეთში წასული მოქალაქე.

რაც შეეხება Tadex-pol-ის განცხადებას პოლონეთში სამუშაოდ წასვლაზე, კომპანია წერს, რომ დასაქმებულები მიიღებენ საათში 19 ზლოტს (10-12ლარი), ასევე საცხოვრებლის, ტრანსპორტირების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სამუშაო ეკიპირების უფასოდ უზრუნველყოფას. ასევე, სოციალურ ქსელში იძებნება ირაკლი ტყებუჩავას ვიდეო, სადაც ანალოგიურ პირობებს ჰპირდება ქართველებს.

ფორმულა მივიდა თბილისში Tadex-pol-ის ოფისში, თუმცა ოფისი დაკეტილია. აბრაზე მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე კი ფორმულას ჟურნალისტს არავინ პასუხობს.


close დახურვა