რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება.
პუტინმა განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 21 სექტემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, 222 000 ადამიანის მობილიზაცია განხორციელდა.
"ახლა 300 000-დან 222 000 ადამიანია მობილიზებული. ვფიქრობ, დაახლოებით ორ კვირაში ყველა სამობილიზაციო აქტივობა დასრულდება," - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია სრულდება და საყოველთაო მობილიზაცია არ იგეგმება.
"დამატებით არაფერი იგეგმება. თავდაცვის სამინისტროდან ამ კუთხით არანაირი წინადადება არ ყოფილა შემოთავაზებული და უახლოეს მომავალში ამის საჭიროებას ვერ ვხედავ," - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.