logo
ENG



ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია - შაბათის ფორმულამ დეტალები გაარკვია

15 ოქტ 202220:14
3 წუთის საკითხავი
 

13 ოქტომბერს, ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რასაც 13 წლის მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისის #55-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ვაკის პარკში წავიდნენ - მოზარდებს წყალში ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად შადრევანში ჩადიან.

შაბათის ფორმულამ ტრაგიკული შემთხვევის ამსახველი 1-წუთიანი ვიდეო მოიპოვა, რომელშიც ჩანს როგორ ჩადიან ბავშვები შადრევანში და როგორ ხდება ერთ-ერთი მოზარდი ცუდად. ვიდეოში ისმის მარიტა მეფარიშვილის ხმაც, რომელიც მეგობარს ეძახის - სავარაუდოდ იმ დროს, როცა ბავშვი ცუდად ხდება. ტრაგედია მაშინ ხდემა როდესაც მოზარდები შადრევნის შუაგულში აღმოჩნდნენ.

გარდა ამისა, შაბათის ფორმულას ვაკის პარკში დაუდასტურეს, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით, და ერთი თვით ადრე ორი შემთხვევა მოხდა, როდესაც დენმა ძაღლს დაარტყა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ორივე შემთხვევაში პარკის ადმინისტრაცია საქმის კურსში ჩააყენეს. ითქვა ისიც, რომ ძაღლის პატრონმა მერიასაც მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. დედაქალაქის მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფს. ადამიანები, რომლებიც ვაკის პარკში ძაღლებს ხშირად ასეირნებენ, იხსენებენ ისეთ შემთხვევასაც, როცა ძაღლს დენმა წყალსადინარ მილთან შეხებისას დაარტყა.

შაბათის ფორმულამ ყველა დოკუმენტი შეისწავლა და ყველა კომპანიას მიაკითხა, რომელიც შადრევნის გამართულად მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი. ვინ გასცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც შადრევანი გამართულად ჩაითვალა? - ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის სამუშაოების შემოწმებაში ჩართული იყო 3 ორგანიზაცია: თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო და მშენექსპერტი, თუმცა დოკუმენტებში მხოლოდ მშენექსპერტის მიერ მომზადებული ინსპექტირების 500-გვერდიანი ანგარიში დევს, რომლის მიხედვითაც მერიამ მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა და შადრევნის გამართულობაზე ხელი მოაწერა.

მშენექსპერტის დირექტორმა ნუგზარ ქიტიაშვილმა პასუხისმგებლობა მოიხსნა. ქიტიაშვილის თქმით, მისმა კომპანიამ მხოლოდ ის შეამოწმა, რამდენად თანხვედრაში იყო ხარჯები შესრულებულ სამუშაოსთან. ქიტიაშვილი ამბობს, რომ როგორც წესი, ასეთ დროს ხარისხს თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია ამოწმებს. პასუხს, ვინ დაწერა დადებითი დასკვნა შადრევანში დენის სისტემის გამართულობის შესახებ, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიაში არ იძლევიან.

შაბათის ფორმულამ კითხვები გრინსერვის+ ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორის ჯორჯიან იუნიონის წარმომადგენელს დაუსვა. კომპანიამ, რომელსაც წესით ვაკის პარკის შადრევნების ელექტრომომარაგება ევალებოდა, დენთან შეხება უარყო. გრინსერვისის კიდევ ერთი ქვეკონტრაქტორი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევნები უნდა გაენათებინა შპს დავითია. გაირკვა, რომ მერია და მისი სტრუქტურები ამ კომპანიის დამკვეთები ხშირად არიან. ჯამში შპს დავითის მიერ მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება კი 8 მილიონ ლარამდეა. იმ მისამართზე, სადაც ეს კომპანიაა დარეგისტრირებული, ტატუს სალონი დაგვხვდა. დირექტორის ტელეფონი კი გათიშული იყო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში ატვირთულ სატენდერო დოკუმენტაციაში, ბოლო ანგარიში, 29 აგვისტოთი თარიღდება. თუმცა ამ ანგარიშში, არაფერია ნათქვამი სამუშაოების შესრულების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ. ვაკის პარკში შადრევნების რეაბილიტაციის დაწყებიდან დასრულებამდე (2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე) სატენდერო დოკუმენტაციაში ინსპექტირების 6 ანგარიშია ატვირთული - ყველა მხოლოდ სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების სიზუსტეს ეხება.

6-მილიონიანმა პომპეზურად გახსნილმა შადრევანმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეიწირა და ის დღეს დაკრძალეს.


close დახურვა