უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონში რუსეთის ის ბომბები ფეთქდება, რომლებიც უკრაინამდე ვერ აღწევენ.
ამის შესახებ მან Feigin Live-ის ეთერში 14 ოქტომბერს ისაუბრა.
არესტოვიჩმა უარყო ბრალდებები უკრაინის მხრიდან რუსეთის ბელგოროდის რეგიონის თავდასხმის შესახებ და განაცხადა, რომ ეს არა უკრაინის, არამედ თავად რუსეთის ბომბებია, რომელსაც შორი მანძილიდან, სავარაუდოდ უკრაინის მიმართულებით ისვრიან.
"მკაფიოა, რომ ეს ჩვენ არ ვართ. იქ ყოველთვის რაღაც ფეთქდება. ისინი გაურკვეველ სამიზნეებს ესვრიან, ალბათ ჩვენი მიმართულებით. ის [ბომბი] ვერ აღწევს [უკრაინამდე], ის ეცემა და ესაა შედეგი" - განაცხადა არესტოვიჩმა.
პრეზიდენტის მრჩეველმა უკრაინის საზღვრის მიმდებარედ მცხოვრებ რუსეთის მოსახლეობას ურჩია, რომ გაერიდონ რუსეთის სამხედრო ლოკაციებს, რადგან ამგვარი აფეთქებების შემთხვევაში რუსეთი მოუწესრიგებლად იქცევა, „რასაც უბედურება მოაქვს“.
„ჩემი აზრით, უნდა გაერიდოთ რუს სამხედროებს. მათ ლოკაციებს, სამხედრო ნაგებობებს. რადგან ისინი, რატომღაც მოუწესრიგებლები არიან ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვისას, ამის გამო ხდება ყველა უბედურება“ - განაცხადა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ბელგოროდში ამგვარი აფეთქებები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს.
„თუ ისინი აფრთხილებენ [ინფრასტრუქტურულ შენობებზე შესაძლო საფრთხეზე]... მათ უკეთ იციან რა ხდება მათსავე ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვართ ამაზე პასუხისმგებლები, მხოლოდ მათი პასუხისმგებლობაა. ჩემი აზრით, თუ სამხედროებს გაიყვანენ და ოკუპაცია დასრულდება, უეცრად ყველა დაიწყებს აკრძალულ ადგილებში მოწევის წესებზე დაკვირვებას. შესაძლოა, აღარც იყოს მეტი ცეცხლი და აფეთქებები. მაგრამ ახლა პუტინის რეჟიმზე ვსაუბრობთ და ასეთი დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი“ - განაცხადა არესტოვიჩმა.
რუსეთმა უკრაინა ბელგოროდის რეგიონზე თავდასხმაში არაერთხელ დაადანაშაულა. უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის შესახებ ბრალდებებს უარყოფს.
დღეს, 15 ოქტომბერს ბელგოროდის ხელმძღვანელმა ვლადიმერ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის სოფელ რაზუმნოესთან ნავთობის საცავი იწვის და მას ხანძარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად გაუჩნდა.
13 ოქტომბერს კი ბელგოროდის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი. მისი თქმით, ბელგოროდი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს, რამაც აფეთქებები გამოიწვია.